ინფლაცია

გოცირიძე: დეფლაცია მიანიშნებს, რომ ეკონომიკაში უძრაობაა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის თქმით, ქვეყანაში არსებული დაბალი ინფლაცია ეკონომიკის უძრაობაზე მიანიშნებს. საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ცვლილებამ (ინფლაციამ) მინუს 0.2% შეადგინა, ეს 2013 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოში პირველი შემთხვევაა, როდესაც ინფლაცია დეფლაციამ შეცვალა. რომან გოცირიძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მთლიანად ინფლაციის მაჩვენებელი დაბალია, იმ პროქტების ღირებულება, რაც განსაკუთრებით გაჭირვებული მოსახლეობისთვისაა მნიშვნელოვანი, იზრდება.

"დეფლაცია 0.2% ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ეკონომიკაში არის უძრაობა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეკონომიკაში რეალურად არ ხდება აქტიური ფინანსების გენერირება. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფასები არ იზრდება. ფასები იზრდება პროდუქციის იმ სეგმენტზე, რომელიც ღარიბ მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს, ესენია მედიკამენტები და სურსათი, და ჩვენ ვიცით, რომ მოსახლეობის 69% არის ღარიბი მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ამიტომ ამ ადამიანებისათვის, რა თქმა უნდა, ფასები იზრდება", - ამბობს რომან გოცირიძე.

ოქტომბერში არსებული დაბალი ინფლაცია რამდენიმე მიზეზმა გამოიწვია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი საწვავის გაიაფებაა, რის გამოც წინა წელთან შედარებით ტრანსპორტის სექტორში არსებული ფასები 6.7%-ით არის შემცირებული. წინა წელთან შედარებით 0.2%-ით არის გაზრდილი სურსათის ფასები. საქსტატის მონაცემებით, 3.9%-ით გაიაფდა ავეჯისა და საოჯახო ნივთების შეძენა, ასევე სახლის მოვლა. ასევე 5.2%-ით გაიაფდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ღირებულება. 

შედარებით მაღალი ინფლაცია კი ფიქსირდება თამბაქოსა და ალკოჰოლის ნაწარმზე. ამ ჯგუფში საქონელის ღირებულება წინა წელთან შედარებით 10.9%-ითაა გაზრდილი, რაც ამ პროდუქტებზე აქციზის (ადვალური) გადასახადის ზრდას უკავშირდება. ასევე წინა წელთან შედარებით 2.8%-ით არის გაზრდილი სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურების ღირებულება. კავშირგაბმულობის ღირებულება კი 3.9%-ით არის გაზრდილი. 

კომენტარები