ნიკა გვარამიას საქმე

გვარამია: ქრთამი არავისთვის შემითავაზებია

rustavi2.com

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკითხვა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დასრულდა. ის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან საუბრის საქმეზე დაკითხეს, რაზეც გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, პირადი საუბრების უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების საქმეზე მიმდინარეობს.

"იყო შეკითხვები 6 მილიონთან დაკავშირებითაც. სრულიად არაკორექტულია ამ შეკითხვების დასმა იმდენად, რამდენადაც გამოძიება ეხება ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებას და მისი შინაარსი არ უნდა იყოს საინტერესო გამოძიებისთვის. მიუხედავად ამისა, მე დავაკონკრეტე, რომ ეს საკითხი საერთოდ არ ეხება ბატონ ახვლედიანს. მასთან საუბრის ნაწილიც კი არ არის. სხვა ადამიანს ვესაუბრები აქ და ახვლედიანს არ ეხება. საუბარი, რომელიც არის განთავსებული ინტერნეტით, ჩემი ჩაწერილია, ნამდვილადს მე ვარ, ჩემი ხმაა, მაგრამ ეს საუბარი დამონტაჟებულია იმგვარად, რომ ჩრდილი მიაყენოს ბატონ მამუკა ახვლედიანს. ამ საუბარში არავითარი ქრთამის შეთავაზება ან რაიმე ტიპის ფულადი შეთავაზება ბატონი მამუკა ახვლედიანის მიმართულებით არ ყოფილა, მით უმეტეს, 6 მილიონის შეთავაზება. ან რატომ უნდა შეგვეთავაზებინა, ბატონი ახვლედიანი იმ საკითხებთან დაკავშირებით არავითარ გადაწყვეტილებას, რომელიც რუსთავი 2-ს ეხება, არ იღებდა. შესაბამისად, ამგვარი შეთავაზება, ცხადია, რომ მამუკა ახვლედიანთან არ ყოფილა. ეს არის ჩვენი საუბრის მოკლე შინაარსი. გამოძიების არავითარი იმედი არ მაქვს იმიტომ, რომ ეს ყველაფერი იმართება ამავე შენობიდან, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ერთი ხელით ეს შენობა ჩანაწერებს აკეთებდეს და აქვეყნებდეს და მეორე ხელით იძიებდეს საკუთარი თავის წინააღმდეგ შედეგებს", - თქვა გვარამიამ.

გავრცელებულ ჩანაწერში ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს იმჟამინდელ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანსა და კიდევ მესამე პირს ესაუბრება. ახვლედიანისთვის ქრთამის შეთავაზებაზე ქართული ოცნების წევრები მიუთითებდნენ და გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობდნენ. თავად მამუკა ახვლედიანმა გვარამიასგან შეთავაზების მიღება გამორიცხა. 

კომენტარები