ბუნებრივი აირი

ყაზტრანსგაზი: ოდორანტის ტრანსპორტირების გამო, შესაძლოა, ნავთლუღში სუნი დაფიქსირდეს

შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი ოდორანტის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ყაზტრანსგაზ თბილისის განცხადებით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დღეს, 4 ნოემბერს ოდორანტის ტრანსპორტირებას გეგმავს თბილისში, ნავთლუღის რაიონში მდებარე გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აღნიშნავს, რომ ტრანსპორტირების პროცესში შესაძლოა დაფიქსირდეს აღნიშნული ნივთიერების სუნი", - აცხადებს ყაზტრანსგაზ-თბილისი და საავარიო სამსახურის ნომრებს ავრცელებს.

"საავარიო სამსახური 114, ქოლცენტრი 2404004 და შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული ბრიგადები 24 საათის განმავლობაში ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ აბონენტთა მომსახურებას. არც ერთი შემოსული შეტყობინება არ დარჩება რეაგირების გარეშე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ, თბილისის რამდენიმე უბანში ბუნებრივი აირის ტრანსპრორტირების სისტემაში ზედმეტი დოზით შეუშვეს ოდორანტი, რამაც გაზის სუნი გამოიწვია. იმ დღეს, ინტოქსიკაციის სიმპტომებით 11 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოწამვლის სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირი იყო.

კომენტარები