რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

აბაშიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი არ განიხილება

ზურაბ აბაშიძე
ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის თქმით, საქართველო რუსეთს ვერ დააძალებს, რომ სავიზო რეჟიმი საქართველოსთან სრულიად მოხსნას. მისივე განმარტებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი შეიძლება დღის წესრიგში დადგეს, თუკი იქნება "თვისობრივი წინსვლა" ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით.

"რუსეთმა გაამარტივა უვიზო რეჟიმი საქართველოსთან ამ წლის დასაწყისიდან და მათი მხრიდან გაცემული ვიზების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ვერ დავაძალებთ რუსეთს, რომ კიდევ უფრო გაამარტივოს ან საერთოდ მოხსნას - ეს მათი გადასაწყვეტია. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი არსად არ განიხილება, მაგრამ თუკი მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი, თვისობრივი წინსვლა, პროგრესი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით, რაღაც ეტაპზე ეს საკითხი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში", - თქვა აბაშიძემ.

ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა RIA NOVOSTI-სთან ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის იმ ჩიხიდან გამოყვანა მოხერხდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა, თუმცა საქართველო ჯერჯერობით მზად არაა რუსეთთან დიპლომატიური კავშირების აღსადგენად. მისივე განცხადებით, ოფიციალური თბილისი რუსეთის მიმართ კონფრონტაციული რიტორიკით გამოირჩევა. გრიგორი კარასინმა ისიც აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს ხშირად ესაუბრება.

კომენტარები