ბლოგი

აქვს საქართველოში დემოკრატიას შანსი?

გააჩნია, რას ვგულისხმობთ დემოკრატიაში. ასევე, გასარკვევია, ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმი, რომლადაც, წლებია, საქართველოს „თავისუფლების სახლი“ მოიხსენიებს, თავისთავადი ღირებულებაა, დემოკრატიის სტადიაა თუ მისგან უნებური და დროებითი გადახვევა.

ანტიკური საბერძნეთიდან, ანუ დემოკრატიის პირველსამშობლო ექსპერიმენტიდან მოყოლებული, „ხალხის მმართველობის“ ქვაკუთხედი პერიოდული კენჭისყრაა ყველა თანასწორუფლებიანი მოქალაქის მონაწილეობით. 1990 წლიდან ჩვენში არჩევნები იმართება. მართალია, 1992 წელს ხელისუფლება არჩევნების გარეშე შეიცვალა, მაგრამ ამ ცვლას იმავე წელს მოჰყვა ახალი არჩევნები. ისტორია 2003-04 წლებშიც განმეორდა, თუმცა, არჩევნების საკრალურობაზე კიდევ უფრო მეტი ხაზგასმით. ანუ, მმართველობის უმაღლეს ეშელონში მოსვლა მხოლოდ საარჩევნო ყუთისა და მოქალაქეთა ინტერაქციითაა შესაძლებელი და სხვა ყველაფერი კრიმინალური ან/და პოლიტიკურად არაკორექტულია. ასევე უდავოდაა მიღებული, რომ არჩევნები კონკურენტული და მრავალპარტიული უნდა იყოს.

ის ყბადაღებული ჭეშმარიტება, რომ დემოკრატია ამით არ მთავრდება და არსებითია ა) ვინ თვლის ხმებს; და ბ) როგორია არჩეულისა და ამომრჩევლის პოსტსაარჩევნო ურთიერთობა, ამჯერად დავივიწყოთ: არაერთხელ თქმულა როგორც შინაური, ისე საერთაშორისო კრიტიკოსების მხრიდან, რომ სწორედ აქ გვაქვს პრობლემები და ამიტომაც ვართ „ჰიბრიდული რეჟიმი“. ამ მიმართულებით გამოხატა შენიშვნები ეუთომ თუ ენდია/აირაიმ 2016 წლის ოქტომბრის მოვლენების მიმართაც. საინტერესოა, რომ მათი დასკვნებით, ზემოთ ნახსენები „ჰიბრიდიზაცია“ მაინც ოპტიმისტურ კონოტაციას იძენს - საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებით, ხელისუფალთა ყავლგაუსვლელი აროგანტობის პირობებში, მაგრამ ჩვენ მაინც მრავალსახოვანი, კონკურენტული საზოგადოება გამოვდივართ, ანუ - წლიდან წლამდე დემოკრატიზირებადი. ჰოდა, მე უფრო ამ წმინდა პროცესის - არჩევნების - სხვა ასპექტი მაინტერესებს, რომელიც, სათაურში დასმულ კითხვასთან მიმართებით, ერთგვარი პესიმიზმით განმაწყობს.

საქმე ისაა, რომ 2016 წლის ოქტომბერში, განსაკუთრებით მის მეორე ტურში, თანასწორუფლებიან მოქალაქეთა ნაწილს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა. რაიმე დაწერილი კანონით ეს არ მომხდარა. ისევ ვიმეორებ, არც მანიპულაციებს - სიების არასრულყოფილებიდან დაწყებული და ყალბი პირადობებით დამთავრებული -  ვგულისხმობ. მეტიც, არ ვსაუბრობ ახლა ადმინისტრაციულ რესურსზეც - განსაკუთრებით იმ ფორმით, როდესაც საჯარო სამსახურის უფროსს თვალებში უნდა შესციცინონ ამავე სამსახურის უმცროსებმა. ეს ყველაფერი კარგი არაა, ცუდია. მაგრამ, ამიტომაც ვართ ჩათვლილი „ჰიბრიდული რეჟიმად“ და ამაზე ბევრი საუბრობს.

ახალი ასპექტი არის ხულიგნობა, კრიმინალური ბულინგი, მოკლედ ქუჩა, რომელიც სამოქალაქო წესებს და ღირებულებებს დაუპირისპირდა და არაერთ მოქალაქეს გადააფიქრებინა არჩევნებზე წასვლა.

ოპოზიცია რომ წააგებდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა: არსებობდა რეიტინგები, მოსალოდნელი იყო და აღინიშნა გაყალბებებიც, რომელთა გაკონტროლების რესურსი არასოდესაა ამოუწურავი. მაგრამ ის, რომ ხელისუფლება სულ სათითაოდ აღნუსხავდა ენმ-ის მხარდამჭერებს უბან-უბან და მერე, მათ ნაწილს, ქუჩა/უბნის მოკრიმინალო ავტორიტეტებით „გაანეიტრალებდა“, მოულოდნელი სიახლე იყო, რომელიც ჩვენ ქართულ „ჰიბრიდულ რეჟიმს“ ახლებურ შუქზე დაგვანახებს.

რაც მე მსმენია თუ მინახავს, მეთოდი, განსაკუთრებით, მეორე ტურებისას გამოვლინდა და, ვფიქრობ, გადამწყვეტი როლი ითამაშა ენმ-ის კანდიდატების მარცხში იქ, სადაც მათ წინააღმდეგობის გაწევის განსაკუთრებული შანსი და უნარი ჰქონდათ. ეს იყო ქუთაისში, ახალციხეში, მარნეულში, ზუგდიდის რაიონში. (ამ უკანასკნელში რომ საარჩევნო მარათონიდან თავად კანდიდატის ნებაყოფლობითმა გამოთიშვამაც სხვა რეალობა შექმნა, ეს ახლა განხილვის თემა არაა). ახალციხეში, სადაც არჩევნებისას ვიყავი, მოქალაქეთა დაშინების ორნაირი ფორმა დომინირებდა: ახალგაზრდებს ეუბნებოდნენ, რომ მათ პოსტსაარჩევნოდ ქუჩაში სიარულის პრობლემა ექნებოდათ, მოხუცებს სოფლად კი მავანი აფრთხილებდა, რომ მოსავალს შეიძლება რაიმე მოსვლოდა. როგორც ახალციხეში, ისე ქუთაისში, კრიმინალური უნარ-ჩვევებით დაღდასმული მობილური თუ სტაციონარული ჯგუფები იყვნენ უბნებთან, კორპუსებთან. სხვა ამოცანებთან ერთად, მათი დავალება ისიც იყო, რომ ენახათ, გაბედავდა თუ არა ოპოზიციის მომხრე საარჩევნო უბანზე მისვლას.   

მოკლედ, ძალიან ბევრგან გადაიქცა არჩევნებზე მისვლა არა მხოლოდ სამოქალაქო შეგნების, არამედ პიროვნული გამბედაობის ტესტად. ვინც ეს ტესტი ვერ ჩააბარა, ის უცხოელ დამკვირვებელსაც, დიდი ალბათობით, არაფერს მოუყვება და, ჯერჯერობით, ქართული „ჰიბრიდის“ ეს ასპექტი ეუთოს ანგარიშებისათვის უცნობ თემად რჩება.

მე არ ვიცი, ამომრჩევლის რა პროცენტი დააკარგვინა ოპოზიციას კრიმინალურმა ზეწოლებმა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, საარჩევნო გარემოს თუ მორალური ატმოსფეროს შექმნაში, ეს ასპექტი მნიშვნელოვანია. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის გეტოები, სადაც დაწერილ კანონებს დაუწერელი, ხშირად კრიმინალური, კოდექსი ანაცვლებს. იქ არჩევნებზე ნამდვილად არ ფიქრობენ, ან თუ ფიქრობენ, როგორც ადგილობრივი ნარკო თუ რელიგიური ბელადი იტყვის - ისე. გეტოებში არაა თანამედროვე დემოკრატია, იქ ზოგჯერ პოლიციაც აღარ შედის. მაგრამ დემოკრატიულ ქვეყნებში ეს გეტოები იზოლირებული კუნძულებია. 2016 წლის ოქტომბრის მოვლენებმა აჩვენა, რომ ქართულ ქეისში გეტო თანაარსებობს, შეზრდილია დანარჩენ საზოგადოებასთან.

კრიმინალური შანტაჟის წარმატებას განაპირობებდა ისიც, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ბანდების თარეშიც ყოფილა, მაფიის ბოსების მინისტრებთან მეგობრობაც და პოლიტიკოსთა წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტებიც. სულ უკანასკნელი, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის მიმართ არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე განხორციელდა და მხოლოდ შემთხვევით არ დასრულდა „წარმატებით“. მოკლედ, მოსახლეობას კრიმინალი ახსოვს, მოსახლეობა კრიმინალს იცნობს. მაგრამ რაც არ ყოფილა, ეს იყო კრიმინალის უშუალო და კარგად ორგანიზებული გავლენა ამომრჩევლის ნებაზე. ყოველ შემთხვევაში, არ მახსენდება და არც გამიგია, ჯაბას მხედრიონელებს ეკონტროლებინოთ მასობრივად საარჩევნო უბნები, ან შევარდნაძეს დასჭირვებოდა ამომრჩევლის კორპუს-კორპუს დევნა-დაშინება ქუჩის ბიჭების მეშვეობით. სამაგიეროდ, იმავე ახალციხეში, ურაველის ხეობაში, მეორე ტურის წინ ამომრჩეველთან შეხვედრები შევწყვიტეთ, რათა ასე მაინც დაგვეცვა ისინი უკან აკიდებული სახელისუფლებო მსტოვრების მიერ აღნუსხვისაგან.

ჰოდა, დროის საკითხია, კრიმინალური სტრატა მმართველი ელიტის მუდმივ მსახურად ჩამოყალიბდება, თავად მოიმუთაქებს (ამოიღლიავების ნაირსახეობა - დ.დ.) ამ ელიტას თუ ყოველივეს ერთხელაც აღშფოთებულ მოქალაქეთა ბუნტი წალეკავს. ერთი ცხადია: არცერთი ამ სცენართაგანი არ გაზრდის დემოკრატიის შანსებს. მომავალი კი, დემოკრატიას საქართველოში, ალბათ, აქვს, ოღონდ მგონია, დღეს არსებული „ჰიბრიდული რეჟიმი“, როგორადაც „თავისუფლების სახლი“ გვიცნობს, დემოკრატიზაციის ეტაპი თუ ვერსია კი არაა, სრულიად თავისთავადი ღირებულება/ფენომენია: დემოკრატიის კლასიკური, ლიბერალიზმთან წილნაყარი გაგების ალტერნატიული.

კომენტარები