მიხეილ სააკაშვილი

დარჩიაშვილი სააკაშვილის გადადგომაზე: ჩანს, აქეთ მიდიოდა საქმე

radiotavisupleba.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, "მე პირადად, ვერ ვიტყვი, რომ დღეს ველოდი ასეთ თუ ისეთ ნაბიჯს, მაგრამ ზოგადად, ჩანს, აქეთ მიდიოდა საქმე". დარჩიაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "პოლიტიკური მხარდაჭერის და კიევის ხელისუფლების უშუალო მხარდაჭერის გარეშე ოდესაში რაღაცა რეფორმების დაძვრა ძალიან ძნელი აღმოჩნდა". მისი ვარაუდით, "ალბათ, საუბარია უკრაინულ პოლიტიკაში ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსის ჩაბმაზე". 

"ეს შეიძლება, არ ნიშნავდეს, რომ უშუალო დაპირისპირება ექნება ყველასთან, მაგრამ ზოგადად უკრაინაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური სისტემის მიმართ მან თავისი ოპოზიციური დამოკიდებულება გამოხატა და აქედან იქნება მისი კონკრეტული ნაბიჯებიც უკრაინულ პოლიტიკაში გადადგმული... ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილს პოროშენკოსთან ნორმალური ადამიანური ურთიერთობები ჰქონდა და ეს ერთი პერიოდი პოლიტიკურ თანამშრომლობაშიც გადადიოდა, მაგრამ ამავე დროს თავად განაცხადა, რომ ეს არ არის საკმარისი ოლიგარქიული კორუფციული სისტემის დასარღვევად. ისევ მოხდება თუ არა პოროშენკოს და სააკაშვილის ერთად ყოფნა, დამოკიდებულია უფრო პოროშენკოზე", - ამბობს დარჩიაშვილი.

კითხვაზე, რა ფორმით ხედავს სააკაშვილს უკრაინულ ოპოზიციაში, ენმ-ის წევრი პასუხობს, რომ "ისევე, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული ჩარჩო არსებობს - პარტიის ფორმირება, პოლიტიკაში მონაწილეობა, არჩევნებში მონაწილეობა, მე ასე წარმომიდგენია".

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დღეს დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლების ის წარმომადგენლები გააკრიტიკა, რომლებიც, მისი თქმით, არაფერს აკეთებენ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. მისი განმარტებით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მხარს უჭერს ორ კრიმინალურ დაჯგუფებას ოდესაში, რომლებიც არა მარტო კორუმპირებულები, არამედ უკრაინის მტრები არიან.
 

"ოდესის ოლქს გადასცემენ არა მარტო კორუმპირებულებს, არამედ უკრაინის მტრებს. არ ვაპირებ, რომ ამაზე ვდუმდე. მე ეს ყველაფერი მართლა მომბეზრდა", - თქვა სააკაშვილმა.

კომენტარები