სახელმწიფო და რელიგია

ჯაში: ეკლესიასთან კონსულტაცია რისკის ქვეშ არ აყენებს სეკულარიზმის პრინციპებს

pia.ge

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის მარიამ ჯაშის განმატებით, სასკოლო პროგრამებთან დაკავშირებით, კონსულტაციები "როგორც ქართულ ეკლესიასთან, ასევე სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებთანაც" აქვს. ჯაშის შეფასებით, "სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებთან კონსულტაცია" რისკის ქვეშ არ აყენებს საქართველოში სეკულარიზმის პრინციპებს.

"ჩემი კომენტარი, როგორც ქართულ ეკლესიასთან, ასევე სხვა აღმსარებლობის, სხვა კონფესიების წარმომადგენლებთან დაკავშირებით, იყო გაზვიადებული. ჩვენ გვქონდა საუბარი საკონსულტაციო პროცესზე და არავითარ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაზე. ვფიქრობ, უნდა დავუსვათ წერტილი ნებისმიერ სპეკულაციას, რომ ეკლესიასთან თუ სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებთან რჩევის და კონსულტაციის პროცესი შეიძლება რისკის ქვეშ აყენებდეს სეკულარიზმის პრინციპებს საქართველოში. 11 წლის განმავლობაში გაეროს თანამშრომელი გახლდით და გაეროს რეზოლუციებსა და სამოქმედო პლატფორმებში ხაზგასმულია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური ლიდერებისა და ორგანიზაციების როლი, როგორც მდგრადი განვითარების, ასევე ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში, სოციალური მიმართულებით, მათ შორის, ჯანდაცვისა და განათლების საკითხი", - ამბობს ჯაში.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის თქმითვე, მას ჯერ არ აქვს ინფორმაცია სკოლებში რელიგიური ნიშნით ჩაგვრასთან დაკავშირებით და კონფლიქტის საფუძვლებით დაინტერესდება.

"იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ შესაძლო უთანხმოება თუ აზრთა სხვადასხვაობა, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ საკითხებში, რომელიც ეხება ჩვენი შვილების განათლებას, ვფიქრობ, საინტერესო და მისასალმებელია სხვადასხვა ორგანიზაციების ჩართულობა, საქართველოს კულტურისა და მემკვიდრეობის გათვალისწინებით, მისასალმებელი იქნება ქართული ეკლესიისა და სხვა აღმსარებლობის ლიდერების ჩართულობა კონსულტაციის დონეზე. ნებისმიერი საკონსულტაციო პროცესი მიზნად უნდა ისახავდეს კონსოლიდაციას და არა გათიშვას ან კონფლიქტის შექმნას, მით უმეტეს, ბავშვებს შორის. ამ საკითხთან [რელიგიური ნიშნით ჩაგვრა სკოლებში] დაკავშირებით არ მაქვს ამ ეტაპზე ინფორმაცია, მაგრამ აუცილებლად დავინტერესდები კონფლიქტების საფუძვლებით", - თქვა ჯაშმა ტაბულას კითხვაზე პასუხისას.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ქართული ოცნების დეპუტატი მარიამ ჯაში პირველი კლასიკური გიმნაზიის მასწავლებლებს გუშინ შეხვდა. ლიბერალის ცნობით, მან მასწავლებლებს უთხრა, რომ "საქართველოსთვის ექსკლუზიური პროგრამები (მაგალითად, ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია), რომელთა შემუშავებაც ჩვენი პრეროგატივაა, საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის, ასევე, აუცილებლად საქართველოს ეკლესიასთან კონსულტაციით უნდა შეჯერდეს". ჯაშის შეფასებით, "საქართველოს ისტორიაში იმდენად დიდი როლი ჰქონდა სარწმუნოებას და ეკლესიას, რომ არ გვაქვს უფლება, კონსულტაციისა და რჩევის დონეზე მაინც არ მივმართოთ მათ სასწავლო პროგრამების შემუშავებისას. რასაკვირველია, იმ პროგრამებისთვის, რომლებმაც შესაძლოა საზოგადოებისთვის კითხვის ნიშნები გააჩინოს".

 

კომენტარები