აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ობამა ტრამპს: ვაპირებთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ გახდეთ წარმატებული პრეზიდენტი

AP

თეთრ სახლში აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრა დაგეგმილი 15 წუთის ნაცვლად, საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მან და ბარაკ ობამამ უამრავ თემაზე ისაუბრეს, როგორც სასიამოვნოზე, ასევე არსებულ სირთულეებზე.

"ეს ძალიან დიდი პატივი იყო. შეხვედრა თითქმის საათნახევარი გაგრძელდა, თუმცა შეიძლება უფრო დიდ ხანსაც გაგრძელებულიყო. ჩვენ ბევრ თემაზე ვისაუბრეთ - ზოგ შესანიშნავ მომენტსა და ზოგ სირთულეზე", - თქვა ტრამპმა. 

ტრამპის თქმით, ობამამ მას არსებული მიღწევებიც გააცნო. ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ მომავალში ის ბარაკ ობამასთან თანამშრომლობას გეგმავს და შემდგომ შეხვედრებსაც ელოდება.

ობამამ კი აღნიშნა, რომ მათ ამერიკის როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრეს და ის გახარებულია, ტრამპის დამოკიდებულებით და ობამას გუნდთან ერთად აშშ-ის პრობლემების მოგვარების სურვილით.

ობამას თქმით, ტრამპთან ვრცელმა დიალოგმა ის ძალიან გაამხნევა და კიდევ ერთხელ უსურვა წარმატება არჩეულ პრეზიდენტს. ობამამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების პროცესი მომავალი პრეზიდენტის წარმატების ერთ-ერთი საწინდარია. გარდა ამისა, ობამა ტრამპს დახმარებასაც დაპირდა.

"ვაპირებთ, დაგეხმაროთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გახდეთ წარმატებული პრეზიდენტი, რადგან როდესაც თქვენ იქნებით წარმატებული, ქვეყანაც წარმატებული იქნება", - უთხრა ობამამ ტრამპს.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს იგეგმება.

კომენტარები