აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები

ტრამპი ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე, აბორტზე, უზენაეს სასამართლოსა და კედელზე

დონალდ ტრამპი - ლგბტ დროშა

არჩეული პრეზიდენტის სტატუსით, დონალდ ტრამპმა ვრცლად პირველად ისაუბრა სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე.

"60 წუთთან" ინტერვიუში ტრამპი იმ წინააღმდეგობრივ დაპირებებსაც შეეხო, რომლებზეც პოზიციას კამპანიის მიმდინარეობისას იცვლიდა და რომელთა დაფარვასაც მედია განსაკუთრებით დიდ დროს უთმობდა.

 

აბორტზე

"მე აბორტის აკრძალვის მომხრე ვარ", - ამბობს ტრამპი ინტერვიუში.

კითხვაზე, უნდა გადაისინჯოს თუ არა უზენაესი სასამართლოს ცნობილი გადაწყვეტილება, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით აბორტის ლეგალიზაცია განაპირობა, არჩეული პრეზიდენტი პასუხობს, რომ გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში, აბორტის საკითხი შტატებმა თავად უნდა გადაწყვიტონ.

კამპანიის მიმდინარეობისას ტრამპმა ისიც თქვა, რომ აბორტის გამო ქალები უნდა დასჯილიყვნენ. მოგვიანებით, მისმა წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ის ექიმების დასჯას გულისხმობდა იმ შემთხვევაში, თუ აბორტი უკანონო გახდებოდა.

უზენაეს სასამართლოში ვაკანტურ თანამდებობაზე

ტრამპი უზენაეს სასამართლოშიც აბორტის აკრძალვის მომხრე მოსამართლის დანიშვნას აპირებს. ადგილი ვაკანტური უზენაეს სასამართლოში კონსერვატორი მოსამართლის ანტონინ სკალიას გარდაცვალების შემდეგაა. პრეზიდენტ ობამას, კონგრესში რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო, ვადის მიწურულს, სასამართლოში თავისი რჩეული კანდიდატის დანიშვნის საშუალება არ მიეცა.

ტრამპმა მოსამართლის კანდიდატურაზე საუბრისას ისიც თქვა, რომ ახალი მოსამართლე კონსტიტუციის მეორე შესწორების დამცველი იქნება - იარაღის ქონისა და ტარების უფლების შესახებ.

ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე

ტრამპი ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე ამბობს, რომ სასამართლომ საკითხი უკვე გადაწყვიტა და ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს. "ეს თემა უკვე არარელევანტურია, ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხი გადაწყვეტილია და დაკანონებული", - ამბობს არჩეული პრეზიდენტი.

უზენაესი სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებით, ამერიკის ყველა შტატში, ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს ქორწინება შეუძლიათ.

კედელსა და არალეგალ მიგრანტებზე

"ვაპირებთ, რომ კრიმინალები, წარსულში ამა თუ იმ დანაშაულზე ნასამართლევი პირები გავასახლოთ ქვეყნიდან - ბანდების წევრები, ნარკოტიკებით მოვაჭრეები და სხვები. დაახლოებით 2-3 მილიონი ადამიანი", - ამბობს ტრამპი აშშ-ში არალეგალურად მცხოვრებ მიგრანტებზე.

ტრამპის ამ დროისთვის გაცხადებული საემიგრაციო პოლიტიკა, რევოლუციურად ვერ შეცვლის არსებულს - ობამას ადმინისტრაციის პრიორტეტიც სწორედ კრიმინალების გასახლება იყო. მისი მმართველობისას ქვეყნიდან 2.5 მილიონზე მეტი ადამიანის დეპორტაცია მოხდა.

რაც შეეხება დაპირებულ გრანდიოზულ კედელს მექსიკისა და აშშ-ის საზღვარზე, ტრამპის თქმით, ის ალაგ-ალაგ ღობეს და ზოგან კედლის მშენებლობას გულისხმობს. არჩეული პრეზიდენტის თქმით, პრიორიტეტი სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებაა. 

კომენტარები