Check in Georgia

გიორგაძე: Aerosmith-ის კონცერტს Black Sea Arena თავისი ბიუჯეტიდან აფინანსებს

ტაბულა

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ინფორმაციით, ჯგუფი Aerosmith-ის კონცერტი, რომელიც Black Sea Arena-ზე გაიმართება, თავად დარბაზის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

„დარბაზი თავისი საოპერაციო ბიუჯეტიდან აფინანსებს რამდენადაც მე ვიცი, კულტურის სამინისტრო ამაში ჩართული არ გახლავთ. ის პროექტები, რომლებიც Black Sea Arena-მ გააკეთა წელს, ვგულისხმობ კრისტინა აგილერას და სკორპიონსს, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, იგივე სააგენტოსთან აქვს ურთიერთობა. ასე რომ, მე პირადად ძალიან გამიხარდა, ძალიან კარგი ჯგუფია“ - ამბობს მიხეილ გიორგაძე.

ტაბულას კითხვას იმის შესახებ, რომ Black Sea Arena უკვე სახელმწიფოს საკუთრებაა და თუ კონცერტს დარბაზი აფინანსებს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ Aerosmith-ის კონცერტი სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება, კულტურის მინისტრი პასუხობს:

„დიახ, Black Sea Arena-ს თავისი საოპერაციო ბიუჯეტი აქვს ბუნებრივია, დარბაზს თავისი სეზონი უნდა ჰქონდეს და რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, თავისი საოპერაციო ბიუჯეტიდან აფინანსებს“.

ტაბულამ მიხეილ გიორგაძეს ასევე ჰკითხა რატომ ეძებს დაფინასნებას Black Sea Arena, თუ მას უკვე აქვს ბიუჯეტი. მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ ეს მათი ვალდებულებაა.

„მათი ვალდებულებაა, რომ ეძებონ, იმიტომ, რომ სპონსორების მოძიების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ, კიდევ უფრო საინტერესო პროგრამას და სეზონს შესთავაზებენ საზოგადოებას“.

ამერიკული ჯგუფი Aerosmith საქართველოში კონცერტს Check In Georgia-ს ფარგლებში მომავალი წლის 20 მაისს გამართავს. კომპანია Black Sea Arena-ს პრესსამსახურში ტაბულასთან საუბარში უარყვეს, რომ Aerosmith-ის საქართველოში ჩამოყვანას თავად აფინანსებენ. მათი განმარტებით, დაფინანსების თაობაზე მოლაპარაკებები კულტურის სამინისტროსთან მიმდინარეობს.

ამის შემდეგ, კულტურის სამინისტროში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე დანამდვილებით რაც იციან, მხოლოდ ის არის, რომ კონცერტს თავად არ აფინანსებენ. Black Sea Arena-ს პრესსამსახურში კი, აცხადებენ, რომ ათ დღეში გახდება ცნობილი, ვინ დაფარავს Aerosmith-ის საქართველოში ჩამოყვანის ხარჯებს. მათივე თქმით, მიმდინარეობს სპონსორების მოძიება.

აღსანიშნავია, რომ Black Sea Arena ქართუ ჯგუფმა სახელმწიფოს 2016 წლის 10 ივლისს გადასცა, მაშინ საკონცერტო არენის სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემოიალს პრემიერი დაესწრო.

ცნობილი ამერიკული ჯგუფი Aerosmith 20 მაისს კონცერტს Black Sea Arena-ზე გამართავს - ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკული ჯგუფის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული. Aerosmith საქართველოს ტურნე AERO-VEDERCI BABY-ის ფარგლებში ეწვევა.

კომენტარები