ქალთა უფლებები

პრეზიდენტი: სწრაფად გამოიძიეთ გოგონების რიტუალური დასახიჩრების ფაქტები

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გოგონების რიტუალური დასახიჩრების ფაქტების სწრაფ გამოძიებას მოითხოვს - ამის შესახებ პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მიშველაძის თქმით, პრეზიდენტი მოუწოდებს შს მინისტრს და მთავარ პროკურორს, პირად კონტროლზე აიყვანონ გამოძიება.

"გვინდა, ასევე გამოვეხმაუროთ მედიის მიერ გამოაშკარავებულ შემზარავ ფაქტებს - კახეთის სამ სოფელში გოგონების რიტუალურ დასახიჩრებასთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტი გამოხატავს შეშფოთებას ამ ვანდალურ ქმედებაზე. მოგეხსენებათ, პრეზიდენტისთვის ადამიანის უფლებების დაცვა ყოველთვის იყო და არის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა იყოს გამოძიებული, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე და უსწრაფესად უნდა გატარდეს ზომები ამ დანაშაულის აღსაკვეთად და დამნაშავეთა უმკაცრესად დასასჯელად. პრეზიდენტი მიმართავს შს მინისტრს და მთავარ პროკურორს, რომ გავრცელებული ინფორმაციის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანონ და საზოგადოებას მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ეთნოსის ტრადიციებს, მაგრამ ცხადია მხოლოდ იმ პირობით, თუ ის არ არის წინააღმდეგობაში საქართველოს კანონმდებლობასთან და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებთან", - თქვა მიშველაძემ.

საერთაშორისო ორგანიზაციამ - ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა (IWPR) ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ყვარლის რაიონის სამ სოფელში: თივში, სარუსოსა და ჩანთლისყურში მცხოვრები ავარიელების ეთნიკურ ჯგუფში გოგონების წინდაცვეთის პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია.

კომენტარები