აშშ-რუსეთის ურთიერთობა

მაკკეინი: რუსეთთან ნებისმიერი სახის ურთიერთობის "გადატვირთვა" იქნება მიუღებელი

Sojo.net

სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელიც ამავდროულად სენატში შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეა, აღნიშნა, რომ რუსეთთან ნებისმიერი სახის ურთიერთობის "გადატვირთვის" მცდელობა მიუღებელი იქნება.

"იმ დროს, როდესაც აშშ-ში ხელისუფლების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ამერიკასთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს. ჩვენ იმდენად უნდა ვენდოთ ამ განცხადებას, როგორც სხვა განცხადებებს ყოფილი სუკ-ის აგენტის, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში ტირანია დაამყარა, მოკლა პოლიტიკური ოპონენტები, თავს დაესხა მეზობელ ქვეყნებს, დაემუქრა ამერიკის მოკავშირეებს და სცადა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა", - აცხადებს მაკკეინი.

მაკკეინის თქმით, რუსეთთან ურთიერთობების "გადატვირთვა" სულ მცირე რუსეთის მხრიდან სირიაში მიმდინარე დაპირისპირების გამძაფრებას გამოიწვევს.

"ვლადიმირ პუტინი ბაშარ ალ-ასადთან ერთად სირიელი ხალხის წინააღმდეგ ბარბაროსულ ომშია ჩართული. რუსეთთან ურთიერთობის "გადატვირთვის" მინიმალური ფასი, პუტინისა და ასადის მიერ მოწყობილ სასაკლაოში მონაწილეობა იქნება. ამ ფასად ურთიერთობების დალაგება მიუღებელია დიდებული ერისთვის. ამერიკა დიდებული მაშინაც იყო, როდესაც ამ ტირანიის წინააღმდეგ იბრძოდა. ეს არის ის გზა, რომელიც უნდა გავაგრძელოთ", - თქვა მაკკეინმა.

როდესაც რესპუბლიკურმა პარტიამ საკუთარ კანდიდატად დონალდ ტრამპი აირჩია, მის კანდიდატურას მაკკეინმა მხარი საკმაოდ "ცივად" დაუჭირა, თუმცა ოქტომბერში, როდესაც 2005 წლით დათარიღებული აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელშიც ტრამპი ქალების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს, მაკკეინმა მისი მხარდაჭერა შეწყვიტა.

კომენტარები