თავისუფალი ვაჭრობა

გლობალური ვაჭრობა ნელდება, ქვეყნებში კი პროტექციონიზმი ძლიერდება

AP Photo

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში ტრანსწყნაროკეანური თავისუფალი სავაჭრო სივრცის (TPP) შექმნაზე დაწყებული მოლაპარაკებების შეჩერებას გეგმავს. ამოქმედების შემთხვევაში, ეს მსოფლიოს უდიდესი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა და მისი მეშვეობით აშშ, ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია, მალაიზია, ვიეტნამი და სინგაპური ნულოვანი ტარიფებით ივაჭრებდნენ. დონალდ ტრამპი ჩრდილოეთამერიკული თავისუფალი სავაჭრო სივრცის (NAFTA) გადახედვასაც გეგმავს. ბილ კლინტონის ხელმოწერილი NAFTA აშშ-ს, კანადასა და მექსიკას თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს და მას ტრამპი ყველა დროის ყველაზე ცუდ სავაჭრო შეთანხმებას უწოდებს. 

გლობალური ვაჭრობის ტემპი იკლებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, 2012 წლის შემდგომ გლობალური ვაჭრობის ზომა ყოველწლიურად მხოლოდ 3%-ით იზრდებოდა, ეს გასული სამი ათწლეულის მანძილზე ვაჭრობის ზრდის მინიმალური ტემპია. IMF-ის ცნობით, 1985-დან 2007 წლების ჩათვლით გლობალური ვაჭრობის მოცულობა ყოველწლიურად გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპთან შედარებით დაახლოებით ორჯერ სწრაფად იზრდებოდა.

მთავარი ექსპორტიორის, ჩინეთის ექსპორტი 6%-ით შემცირდა

წელს ჩინეთის ექსპორტი შემცირდა. ჩინეთის ცენტრალური საბაჟო სისტემის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ქვეყნიდან ექსპორტზე $1.7 ტრილიონის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 6.3%-ით ნაკლებია. ექსპორტზე მეტად, 7.3%-ით ჩინეთში იმპორტის მოცულობა შემცირდა. პრეზიდენტ სი ძინპინის მმართველობის მანძილზე ჩინეთმა ყურადღება ექსპორტზე ორიენტირებული ზრდიდან შიდა მოხმარებასა და ადგილობრივ ბაზარზე გადაიტანა.

პროტექციონიზმის ზრდა 

წელსვე ევროკავშირმა საკუთარი ბაზრის დაცვის მოტივით, ფოლადის ჩინური მწარმოებლები დემპინგში დაადანაშაულა და მათ ფინანსური სანქციებიც დააკისრა. ევროკავშირს განცხადებით, ჩინეთიდან ფოლადის იმპორტის 81% დემპინგური ფასით შედის. ევროკავშირის ვიცეპრეზიდენტის იურკი კატაინენის თქმით, "თავისუფალი ვაჭრობა სამართლიანობის დაცვას მოითხოვს, ვაჭრობა კი თავისუფალი მხოლოდ მაშინაა, როდესაც ის სამართლიანია" - სამართლიანობაში კი ევროკავშირი საკუთარი ბაზრის "დაცვას" გულისხმობს. 

ანტიდემპინგური ნორმები და მაღალი სატარიფო მოსაკრებლები მოსახლეობისთვის დანახარჯების ზრდას იწვევს. თუ ქვეყანაში ფოლადი იმპორტულთან შედარებით უფრო ძვირია, ფოლადის მწარმოებლებმა შესაძლოა, ლობისტური ჯგუფების მეშვეობით პარლამენტს მიაღებინონ ნორმა იმის შესახებ, რომ უცხოური ფოლადი ადგილობირვ წარმოებას აზიანებს და მისთვის მაღალი ტარიფი ან კვოტა იქნეს შემოღებული. ამგვარი ცვლილება თითქოს ადგილობრივ წარმოებას იცავს, თუმცა მისი მეშვეობით მოსახლეობა უფრო ძვირადღირებულ პროდუქტს ყიდულობს, ამ პროდუქტის ბაზარი კი იმაზე მცირეა, ვიდრე ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა, როდესაც ბაზარზე იმპორტული საქონელი ივაჭრებოდა, შესაბამისად, ამას კეთილდღეობის კლება მოჰყვება. 

ივნისში ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ჩინური, ინდური, სამხრეთკორეული და ტაივანური ფოლადისთვის იმპორტის ტარიფები გაზარდა. ამავდროულად, ინდოეთმა ნოემბერში ჩინური ფოლადის იმპორტზე ტარიფები გაზარდა. 

მალაიზიამ მაისში ჩინური, ვიეტნამური და კორეული ფოლადის მწარმოებლები დემპინგში დაადანაშაულა. პერუმ კი არგენტინულ ბიოდიზელზე ანტიდემპინგური ნორმები აამოქმედა.

WTO-ს შეშფოთება

გასული ხუთი თვის მანძილზე დიდი ოცეულის წევრმა ქვეყნებმა თვეში საშუალოდ 17 სხვადასხვა სახის სავაჭრო რეგულაცია მიიღეს. 10 ნოემბერს კი საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციამ (WTO) შეშფოთება გამოთქვა მსოფლიოს მასშტაბით პროტექციონიზმის ზრდასთან დაკავშირებით. "წევრი ქვეყნების მიერ ახალი სავაჭრო რეგულაციებისა და შემზღუდველი ნორმების მიღება ჩვენთვის შეშფოთების საფუძველს იძლევა", - ამბობს WTO-ს ხელმძღვანელი რობერტო აზევედო.

კომენტარები