საკონსტიტუციო სასამართლო

გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს ქუთაისში, პარლამენტის შენობაში შეხვდა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ეს "გაცნობითი ხასიათის" შეხვედრა იყო, რომელზეც მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სასამართლოს დამოუკიდებელი და ეფექტური ფუნქციონირების მნიშვნელობას, ასევე - მიმოიხილეს სასამართლოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი სხვადასხვა ღონისძიება.

"შეხვედრისას, საუბარი შეეხო სასამართლოში წარდგენილი სარჩელების რაოდენობის ზრდას და დაიგეგმა გარკვეული მატერიალურ-ტექნიკური ხასიათის აქტივობები, მათ შორის მომხსენებელი მოსამართლის ავტომატური, ელექტრონული წესით შერჩევის სისტემის დანერგვა; ასევე - საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის მუშაობის ეფექტურობის ზრდასთან დაკავშირებული საკითხები, რაც სასამართლოს ადამიანის უფლებათა დაცვის კონსტიტუციური ფუნქციის სრულფასოვნად შესრულებაში დაეხმარება.

მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის სამზადისთან დაკავშირებული საკითხები, რომლის გამართვა 2017 წლის ივნისში ბათუმში იგეგმება", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები