ტუღუში: ქართული ოცნება ახალისებს ჰომოფობიას, ქსენოფობიასა და პოლიტიკურ ძალადობას

მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი ტუღუშმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და ქართულ ოცნებას მიმართა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული გამოწვევები შეახსენა.

  • თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ლიბერალურ დემოკრატიებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის პირადი თავისუფლებისა და თანასწორობის დაცვას. საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს ყველა ადამიანის თანასწორობას განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური შეხედულებისა, ეროვნული კუთვნილებისა და ჩამონათვალი სრული არაა. სამწუხაროდ, თქვენ და თქვენი პოლიტიკური გუნდი ამ იდეალების ერთგული არასდროს ყოფილხართ. ბოლო 4 წლის მანძილზე საქართველოში ადამიანებზე ძალადობდნენ პოლიტიკური შეხედულებების, რასის, ეროვნების, რელიგიის თუ სექსუალური ორიენტაციის გამო. მაგრამ არასდროს მომისმენია თქვენი წუხილი, უფრო მეტიც, თქვენი პარტია ახალისებდა ჰომოფობიას, ქსენოფობიასა და პოლიტიკურ ძალადობას;

  • თქვენთვის არაფერია ადამიანის პირადი ცხოვრება, თავისუფლება, ადამიანის პატივი და ღირსება. თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებამ და ამით ადამიანების შანტაჟმა. თქვენს ხელისუფლებას ციხეში ჰყავს გამოკეტილი პოლიტპატიმრები, მათ შორის ჩვენი თანამებრძოლები;

  • თქვენ აგრძელებთ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, თქვენს ხელისუფლებას ნადირობა აქვს გამოცხადებული ნარკოდამოკიდებულ პირებზე, ეს ბრძოლა განწირულია მარცხისათვის, რადგან მიმართულია წარსულში დასაბრუნებლად;

  • უცნაურად გესმით სიტყვის თავისუფლება და გავიწყდებათ, რომ კონსტიტუცია იცავს არა მხოლოდ იმ იდეებს და შეხედულებებს, რომლებიც თქვენთვისაა მისაღები, არამედ იმათაც, რომელიც თქვენთვის გამაღიზიანებელია. ღიმილის მომგვრელია სიტყვის თავისუფლებაზე საუბარი, როდესაც რუსთავი 2-ის გასაჩუმებლად ხელისუფლების ყველა შტოს მობილიზაცია გაქვთ გამოცხადებული;

  • როდესაც თქვენგან ადამიანის უფლებების პატივისცემას მოითხოვენ, აპელირებთ წარსულზე და ადამიანის უფლებათა საზომი არა წარსული, არამედ საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტებია.

გიორგი ტუღუშმა სიტყვით გამოსვლისას ასევე სასამართლო სისტემის კუთხით გაუარესებულ მდგომარეობას გაუსვა ხაზი. მან განცხადების დასრულება ვერ შეძლო, რადგან რეგლამენტით გათვალისწინებული დრო ამოიწურა.

კომენტარები