ლარის გაუფასურება

ხადური: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბიუჯეტს ლარზე ნეგატიური გავლენა არ ჰქონია

ნოდარ ხადური
ტაბულა

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნოდარ ხადურის თქმით, ბიუჯეტის შესრულებას ლარის კურსზე ნეგატიური გავლენა არ ჰქონია. ხადურის თქმით, ამის დადასტურება შეუძლია ყველას ვისაც "ოდნავი ობიექტურობა აქვს შერჩენილი."

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბიუჯეტის და ფისკალური პოლიტიკის მხრიდან ლარზე ნეგატიური გავლენა არ ყოფილა. ამას ადასტურებს ყველა, ვისაც ოდნავი ობიექტურობა აქვს შერჩენილი. ამას აღიარებს, როგორც ეროვნული ბანკი, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები",- TV პირველის ეთერში ამბობს ხადური.

ეროვნულ ბანკს არ გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ რომ მთავრობის ხარჯებს კურსზე ნეგატიური გავლენა აქვს, თუმცა სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას ლარის კურსზე დადებითი ეფექტი აქვს.

რამდენად შეესაბამება სიმართლეს ხადურის განცხადება

ხადურის განცხადების მიუხედავად, მაინც შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტის შესრულებას, უფრო სწორედ მის შეუსრულებლობას ლარის კურსზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა. საქმე საერთაშორისო გრანტებისა და კრედიტების აუთვისებლობას ეხება. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, წლის პირველ ცხრა თვეში საერთაშორისო გრანტების სახით ქვეყანაში 222 მილიონი ლარი უნდა შემოსულიყო, ფაქტობრივმა შესრულებამ 138 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება საერთაშორისო კრედიტებს წლის პირველ ცხრა თვეში 768 მილიონის მოცულობის კრედიტები უნდა შემოსულიყო, თუმცა შესრულებამ 457 მილიონი შეადგინა. 

იმ შემთხვევაში თუ გრანტების და კრედიტების ნაწილი გეგმის მიხედვით შესრულდებოდა ეს ლარის კურსის სტაბილურობაზე დადებითად აისახებოდა, რის გამოც სავარაუდოდ ლარი უფრო მყარი იქნებოდა.

კომენტარები