საფრანგეთის რესპუბლიკური პარტია

რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში ფიონი ლიდერობს, სარკოზი მესამე ადგილზეა

საფრანგეთის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერების პირველი ტური დასრულებულია. გამოქვეყნებული შედეგებით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ვერ მოახერხებს მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებას, შესაბამისად, ვერც თავისი პარტიის სახელით იყრის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს. ხმათა 30%-ის დათვლის შემდეგ ცნობილია, რომ პირველ ადგილზე 2007-12 წლებში პრემიერმინისტრი ფრანსუა ფიონი გავიდა (42.8%), მეორე ადგილს ასევე ყოფილი პრემიერი ალენ ჟუპე იკავებს (26%), სარკოზი კი მესამე ადგილზე გადის 24.4%-ით. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების თქმით, ეს შედეგები შეიძლება შეიცვალოს, რადგან ჯერ მხოლოდ მათი ნაწილია დათვლილი.

პირველ ადგილზე გასულმა ფრანსუა ფიონმა პრეზიდენტობის კანდიდატობის სურვილი კერ კიდევ 2015 წელს გამოთქვა. ყოფილი პრემიერი ამტკიცებს, რომ ის საერთოდ დატოვებს პოლიტიკას, თუ ვერ გაიმარჯვებს. მოგების შემთხვევაში კი ერთი ვადით პრეზიდენტობას გეგმავს. ფიონი არასდროს მორიდებია აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კრიტიკას, დონალდ ტრამპისგან კი უკეთეს ხედვას მოელის, ვიდრე ჯორჯ ბუშსა და ბარაკ ობამას ჰქონდათ. ფიონი წინააღმდეგი იყო რუსეთის საზღვართან ანტისარაკეტო სისტემების განთავსების, რადგან, მისი აზრით, ეს ახალი ცივი ომის დაწყების საშიშროებას ქმნიდა.

მეორე ადგილზე გასული ალენ ჟუპე ფიონის მსგავსად პრემიერი იყო. ის საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. მან ერთნაირისქესიანი წყვილებისთვის შვილის აყვანის უფლების მხარდაჭერითსვის, მემარცხენეთა შორისაც დაიმსახურა მოწონება. ჟუპეს აზრით, საფრანგეთმა კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს რუსეთთან, რადგან სხვა შემთხვევაში ახალი ცივი ომის დაწყების შანსი იზრდება.  

მესამე ადგილზე გასულმა ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ რუსეთის მიმართ ისედაც არცთუ ისე მკაცრი შეხედულებები, 2012 წლის არჩევნებში მარცხის შემდეგ უფრო შეარბილა. "ჩვენ და რუსეთი საერთო ცივილიზაციის ნაწილი ვართ. ამერიკის ინტერესები რუსეთთან მიმართებით ევროპისა და რუსეთის ინტერესებს არ ემთხვევა, ჩვენ არ გვსურს ევროპასა და რუსეთს შორის ახალი ცივი ომი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ შესაძლებლობა სამშვიდობო ძალის ფორმირებისთვის, რათა დავიცვათ რუსულენოვანი მოქალაქეები უკრაინაში", - განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების გაფორმების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. მისი შუამდგომლობით კონფლიქტის მხარეებმა 2008 წლის 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც დღემდე არ სრულდება.  

პრაიმერიზის მეორე ტური 27 ნოემბერს გაიმართება იმ შემთხვევაში, თუ პირველ რაუნდში ვერცერთი კანდიდატი ხმათა სულ მცირე 50 %-ს ვერ დააგროვებს. რაც შეეხება სოციალისტებს, მათი პრაიმერის პირველი ტური 2017 წლის 22 იანვარს გაიმართება.

კომენტარები