საფრანგეთის რესპუბლიკური პარტია

საფრანგეთის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზი: ნიკოლა სარკოზი ბრძოლას გამოეთიშა

AFP

საფრანგეთის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზის პირველი ტურის ხმების დათვლა თითქმის დასრულდა.

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დამარცხება აღიარა.

შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე 2007-12 წლებში პრემიერმინისტრი ფრანსუა ფიონი გავიდა (44.2%), მეორე ადგილს ასევე ყოფილი პრემიერი ალენ ჟუპე იკავებს (28.4%), სარკოზი კი მესამე ადგილზეა ხმების 20.7%-ით. 

სიტყვით გამოსვლისას ნიკოლა სარკოზიმ აღნიშნა, რომ პრაიმერების მეორე ტურში ის ხმას ფრანსუა ფიონს მისცემს.

"ფრანსუა ფიონის კანდიდატურა ჩემთვის უფრო ახლოს არის. მიუხედავად ჩვენი უთანხმოებისა წარსულში, ფრანსუა ფიონს მივცემ ხმას", - აღნიშნა სარკოზიმ.

პირველ ადგილზე გასულმა ფრანსუა ფიონმა პრეზიდენტობის კანდიდატობის სურვილი კერ კიდევ 2015 წელს გამოთქვა. ყოფილი პრემიერი ამტკიცებს, რომ ის საერთოდ დატოვებს პოლიტიკას, თუ ვერ გაიმარჯვებს. მოგების შემთხვევაში კი ერთი ვადით პრეზიდენტობას გეგმავს. ფიონი არასდროს მორიდებია აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კრიტიკას, დონალდ ტრამპისგან კი უკეთეს ხედვას მოელის, ვიდრე ჯორჯ ბუშსა და ბარაკ ობამას ჰქონდათ. ფიონი წინააღმდეგი იყო რუსეთის საზღვართან ანტისარაკეტო სისტემების განთავსების, რადგან, მისი აზრით, ეს ახალი ცივი ომის დაწყების საშიშროებას ქმნიდა.

მეორე ადგილზე გასული ალენ ჟუპე ფიონის მსგავსად პრემიერი იყო. ის საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. მან ერთნაირისქესიანი წყვილებისთვის შვილის აყვანის უფლების მხარდაჭერითსვის, მემარცხენეთა შორისაც დაიმსახურა მოწონება. ჟუპეს აზრით, საფრანგეთმა კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს რუსეთთან, რადგან სხვა შემთხვევაში ახალი ცივი ომის დაწყების შანსი იზრდება.

მესამე ადგილზე გასულმა ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ რუსეთის მიმართ ისედაც არცთუ ისე მკაცრი შეხედულებები, 2012 წლის არჩევნებში მარცხის შემდეგ უფრო შეარბილა. „ჩვენ და რუსეთი საერთო ცივილიზაციის ნაწილი ვართ. ამერიკის ინტერესები რუსეთთან მიმართებით ევროპისა და რუსეთის ინტერესებს არ ემთხვევა, ჩვენ არ გვსურს ევროპასა და რუსეთს შორის ახალი ცივი ომი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ შესაძლებლობა სამშვიდობო ძალის ფორმირებისთვის, რათა დავიცვათ რუსულენოვანი მოქალაქეები უკრაინაში", - განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების გაფორმების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. მისი შუამდგომლობით კონფლიქტის მხარეებმა 2008 წლის 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც დღემდე არ სრულდება.

რესპუბლიკელთა პრაიმერის მეორე ტური 27 ნოემბერს გაიმართება. რაც შეეხება სოციალისტებს, მათი პრაიმერის პირველი ტური 2017 წლის 22 იანვარს გაიმართება.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური კი 2017 წლის 27 აპრილს ჩატარდება.

კომენტარები