შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრის მოადგილე ზურაბ გამეზარდაშვილი თანამდებობას ტოვებს

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ გამეზარდაშვილმა საკუთარ Fb გვერდზე დაწერა.  

"2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მივმართე პატაკით პირადი სურვილით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. მადლობას ვუხდი იმ გუნდს, ვისთანაც ერთად ამ პერიოდში მომიწია სამსახური საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და სასაზღვრო უსაფრთხოების განსამტკიცებლად, ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს მეგობარი ქვეყნების, განსაკუთრებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის. 

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც შეცვალა ქართული პოლიტიკა და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის აღადგინა ურთიერთთანადგომისა და ურთიერთპატივისცემის ხიდი. მე ვრჩები მის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე ორიენტირებული გუნდის წევრად და მზად ვარ, როგორც რიგითი ჯარისკაცი მომავალშიც ვემსახურო ჩემს სამშობლოს", - წერს გამეზარდაშვილი.

ზურაბ გამეზარდაშვილი 2012 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები