აშშ-ის საგარეო პოლიტიკა

რის გაკეთებას აპირებს კონგრესი რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის შესაჩერებლად

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რესპუბლიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი კონგრესის დელეგაციასთან ერთად საქართველოს, უკრაინასა და ესტონეთს ეწვევიან პარტნიორი ქვეყნების იმაში დასარწმუნებლად, რომ ვაშინგტონი რუსეთის აგრესიას წინ აღუდგება.

მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები ტრამპისგან მორიგი ჩავარდნილი „გადატვირთვის“ პოლიტიკის მოლოდინში არიან, კონგრესში ამის თავიდან აცილებას ეცდებიან - მაკკეინსა და გრემს შესაბამისი გეგმაც აქვთ შემუშავებული. ვაშინგტონის პოლიტიკური და სამხედრო ელიტა რუსეთს არ ენდობა. შესაბამისად, რუსეთის საკითხი იმის ტესტი იქნება, შეძლებს თუ არა ტრამპი საგარეო პოლიტიკა იმგვარად რადიკალურად შეცვალოს, რომ ისტებლიშმენტს წინ აღუდგეს.

„რუსები ცუდი მოთამაშეები არიან მსოფლიოში და ჩვენ ისინი უნდა შევაკავოთ. ტრამპი მთავარსარდალია, მაგრამ ამაში კონგრესსაც აქვს როლი და სათქმელი“, - თქვა გრემმა.

კონგრესში შიშობენ, რომ რუსეთისთვის მორიგი დაუმსახურებელი შანსის მიცემა მას, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობებისგან გაათავისუფლებს უკვე ჩადენილ დანაშაულებზე, მეორე მხრივ კი, აშშ-ის პარტნიორი ქვეყნების ინტერესებს შეიწირავს. გრემის თქმით, ეცდება, პარტნიორ ქვეყნებს დამატებითი დახმარებაც გამოუყონ მოსკოვისგან თავდასაცავად. იანვრიდან, მაკკეინი და გრემი რუსეთის საკითხზე მოსმენების სერიას გამართავენ კონგრესში, რათა მისი დანაშაულები ამხილონ - კიბერთავდასხმების, პროპაგანდისტული კამპანიების, სირიაში სამხედრო დანაშაულებისა და ბალტიის სახელმწიფოებისთვის შექმნილი სამხედრო საფრთხის ჩათვლით.

კონგრესში ეცდებიან, რუსეთს პასუხი აგებინონ კიბერდანაშაულებისა და ამერიკის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის გამოც - ამისკენ საკანონმდებლო ორგანოს დემოკრატმა სენატორმა ბენჯამინ კარდინმა მოუწოდა. მან იმის პირობაც დადო, რომ გამოვა საკანონმდებლო ინიციატივით სირიასა და უკრაინაში რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ და მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის აგრესიის წინაშე დარჩენილი ქვეყნებისთვის დახმარების გაზრდის ინიციატივასაც. წარმომადგენელთა პალატაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტიცაა მომზადებული.

როგორი იქნება დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, წინასწარ რთული შესაფასებელია, მით უმეტეს, რომ ტრამპის კაბინეტის საკვანძო თანამდებობები, რომელთაც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ჯერ კიდევ ვაკანტურია. თუმცა, ამ მიმართულებით სახიფათო ნიშნები ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიისას გამოიკვეთა - ტრამპისა და პუტინის ფლირტი მთელ პროცესს გასდევდა ფონად, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი მოურიდებლად უარყოფდა სარწმუნო ცნობებსაც რუსული კიბერთავდასხმებისა და კამპანიაში ჩართულობის შესახებ. დამშვიდების საშუალებას არც არჩევნებიდან მალევე შემდგარი სატელეფონო საუბარი იძლევა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის.

ტრამპი არაა ამერიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც პუტინის რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ეცდება. ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაცია პუტინით განიხიბლა, თუმცა ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ, ჰილარი კლინტონის ხელმძღვანელობით, რუსეთთან მასშტაბური გადატვირთვის პოლიტიკა მაინც წამოიწყო, რომელმაც კრახი განიცადა. ტრამპის სურვილი, რომ რუსეთთან ურთიერთობები გაუმჯობესდეს, იმ ფონზე ხდება, როდესაც დასავლეთში პუტინს აღარ ენდობიან - მისი სამხედრო ჩარევა „სამეზობლოდ“ მიჩნეულ ქვეყნებსა და სირიაში ყველას აშფოთებს, ევროპის ფრონტისპირა სახელმწიფოები კი რუსეთისგან თავდასხმისთვის ემზადებიან.

კომენტარები