საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციოში კვლავ არ იციან, განიხილავენ თუ არა ე.წ გახმაურებულ საქმეებს თავიდან

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოში კვლავ არ იციან, როდის გამოაცხადებენ გადაწყვეტილებას ე.წ გახმაურებულ საქმეებზე. მოსამართლეებს არც იმაზე აქვთ ინფორმაცია, განიხილავენ თუ არა თავიდან რუსთავი ორის და გიგი უგულავა/ე.წ კაბელების საქმეზე საკონსტიტუციო სარჩელებს. ტაბულასთან საუბარში საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის უფროსი ამბობს, რომ „ეს მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ", მოსამართლეთა ნაწილმა კი, ინფორმაციისთვის სწორედ პრესსამსახურთან მიგვითითა. ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას თქმით, მომხსენებელმა მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ, განიხილავენ თუ არა საქმეს თავიდან. მომხსენებელი მოსამართლეები კი, კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ. ამასთან, ერთ-ერთი მომხსენებელი მოსამართლის თქმით, საქმის თავიდან განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას ის არ იღებს.

რუსთავი ორის საკონსტიტუციო სარჩელზე მომხსენებელ მოსამართლედ ირინე იმერლიშვილია დანიშნული, ხოლო ე.წ კაბელების და გიგი უგულავას გაერთიანებულ სარჩელზე - გიორგი კვერენჩხილაძე. ორივე მათგანი პრეზიდენტის კვოტით წარდგენილი მოსამართლეა.

"ვთქვი, რომ მე, როგორც მოსამართლე კომენტარების გაკეთებას არ ვაპირებ. ამ პირობას ვიცავ და ამიტომ ვერ გეტყვით. ამის [თავიდან განხილვის] გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ" - ამბობს იმერლიშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის მერაბ ტურავას თქმით კი, მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, განიხილავს თუ არა საქმეს თავიდან.

„ამის შესახებ მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. პრესსამსახურმა და სამდივნომ უფრო იცის. მე ხომ არ ვნიშნავ პროცესებს - როდის რომელი ჩატარდება, რიგითი მოსამართლე ვარ. ამაზე შეიძლება, სამდივნომ და პრესსამსახურმა მოგცეთ ინფორმაცია. თავიდან განხილვაც არაა ჩემზე დამოკიდებული, მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს ესეც. სჯობს, პრესსამსახურს უთხრათ და ის გეტყვით. მე უბრალოდ არ ვიცი და რაც არ ვიცი, როგორ გითხრათ" - ამბობს ტურავა.

გიგი უგულავას და ე.წ კაბელების საქმეებზე მომხსენებელმა მოსამართლემ გიორგი კვერენჩხილაძემ კი, ტაბულას უთხრა, რომ „მოსამართლე ვარ და ესეთ თემებზე არ უნდა რეკავდეთ".

საკონსტიტუციო სასამართლოს სამი ახალი მოსამართლე 2 ოქტომბერს აირჩიეს. სწორედ მას შემდეგ გახდა აქტუალური საკითხი, განიხილავენ თუ არა გახმაურებულ საქმეებს ხელთავიდან. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ "თუ სამი ახლად შემომატებული მოსამართლე გადაწყვეტს, რომ საქმეები ხელახლა დაბრუნდეს განხილვაში, თავიდან დაიწყება განხილვა. თუნდაც ერთმა მათგანმა რომ თქვას, რომ საქმეზე უნდა დაიწყოს ხელახალი განხილვა, ასე უნდა მოვიქცეთ. იგივეს ძველი მოსამართლე ვერც მე და ვერც სხვა ვერ მოითხოვს".

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, რამდენიმე საქმის ხელახლა განხილვას სწორედ ახალი მოსამართლეები ითხოვენ.

„ვერ გეტყვით მე [როდის გამოვაცხადებთ გადაწყვეტილებას], იმიტომ, რომ ეს პლენუმზეა დამოკიდებული. საქმეების ნაწილის [ხელახლა] განხილვას, რამდენადაც ვიცი, ახალი მოსამართლეების ნაწილი ითხოვს. ამიტომ, პლენუმი როგორც გადაწყვეტს, პრესცენტრი გაავრცელებს ინფორმაციას, როდის დაინიშნება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს საქმეები სწრაფად იყოს არამარტო ხელახლა განხილული, არამედ გადაწყვეტილებაც - გამოცხადებული. სასამართლოს პრესცენტრი გაავრცელებს ინფორმაციას იმიტომ, რომ ყველა საკითხზე და ყველა საქმეზე არ არის მსგავსი მიდგომა, რაღაც საქმეების [ხელახლა] განხილვა არ მოხდება. პლენუმი იმსჯელებს ამაზე უახლოეს დღეებში და გადაწყვეტილება ვებგვერდზე დაიდება" - ამბობს ფაფიაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი რუსთავი 2-ის სარჩელზე (ამორალური გარიგება) სათათბიროდ 17 ივნისს გავიდა. გიგი უგულავასა და ე.წ კაბელების საქმის განხილვა კი, 23 სექტემბერს დასრულდა. იქამდე, მოსამართლეების გამოუცხადებლობის გამო, სასამართლო სხდომები არაერთხელ გადაიდო. 

კომენტარები