ენერგეტიკა

ვალიშვილი: ქვეყანაში ენერგობაზრის ეტაპობრივი ლიბერალიზაცია დაიწყება

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი
ტაბულა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი საუბრობს იმ ცვლილებებზე, რაც საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებას მოჰყვება. ვალიშვილის თქმით, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ორგანიზაციის წევრობის სტატუსის რატიფიკაციის შემდგომ ქვეყანაში ენერგეტიკული ბაზრის ეტაპობრივი ლიბერალიზაცია დაიწყება. ბაზრის ლიბერალიზაციის შემდეგ ერთმანეთისგან გაიმიჯნება განაწილება-მიწოდების ბიზნესები და ქსელის მფლობელ კომპანიებს გაუჩნდებათ ვალდებულება, მათ კუთვნილ ინფრასტრუქტურაზე (მილები, სადენები) დაუშვან სხვა ოპერატორები, რის შედეგადაც მომხმარებლებს გაუჩნდებათ არჩევანი თუ რომელი კომპანიისგან შეიძინონ ენერგომატარებლები.

"ჩვენ ვგეგმავთ ლიბერალიზაციას, იმიტომ რომ გვინდა რომ გარკვეულად კონკურენტუნარიანი გახდეს ჩვენი ბაზარი და არ იყოს აბსოლუტური რეგულირების ქვეშ, იმიტომ რომ გვინდა დარგის განვითარებაში კერძო სექტორის წილი იყოს მაღალი და აქტიური.

ვფიქრობთ რომ დღეს, უშუალოდ იმ ეტაპზე, სადაც საქართველო იმყოფება, ანუ გვაქვს პრაქტიკულად სრულად რეგულირებული სექტორი, ცოტა რთული იქნება ერთჯერადად ამ ბაზრის გახსნა, რადგანაც ჩვენ სხვა ქვეყნების გამოცდილებებით ვიცით რა ეფექტი მოჰყვება ამას. ვეცდებით ნელ-ნელა მოხდეს ამ ლიბერალურ მოდელზე გადასვლა, აუცილებლად გამოყენებული იქნება შუალედური გარდამავალი ფაზა, რომელშიც ეტაპობრივად, გარკვეული კატეგორიების მიერ მოხდება ბაზარზე დაშვება ანუ გაჩნდება თავისუფლება, რომ ისინი გავიდნენ ბაზარზე და დაიწყოს ვაჭრობა", - ამბობს ვალიშვილი.

ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთების ოქმის საქართველომ ხელი 2016 წლის 14 ოქტომბერს მოაწერა, იმისთვის რომ ქვეყანა ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ამ დოკუმენტის საპარლამენტო რატიფიკაციაა საჭირო. 

"ენერგეტიკული გაერთიანება" ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 2005 წელს საბერძნეთში ხელმოწერილი დოკუმენტით დააფუძნეს. ორგანიზაციამ საქმიანობა 2006 წელს დაიწყო. ორგანიზაციის წევრები არიან ევროკავშირის წევრი ყველა და შეთანხმებაზე მიერთებული რვა სახელმწიფო. ორგანიზაცია ლიბერალურ საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ერთიანი ენერგოსივრცის შექმნისთვის მუშაობს.

კომენტარები