სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

გოგუაძე ზიზის გარდაცვალებაზე: დანაშაული ტრანსფობიურია, ხელისუფლება კი გულგრილია

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ ტრანსგენდერ ქალზე, ზიზი შეყილაძეზე თავდასხმა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულია. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენელთა უმრავლესობა ასეთ დანაშაულს ვერ აღუდგება, რადგან გულგრილია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემთხვევა არ არის უბრალო კრიმინალი, ეს არის სიძულვილით, ტრანსფობიით ჩადენილი. დანაშაული იმ იმედით, რომ საზოგადოების უმრავლესობის გულგრილი სისასტიკის გამო ასეთი დანაშაულების ჩადენა არის წაქეზებული. სახელმწიფო, არათუ ვერ აღუდგება ამ დანაშაულს, არამედ, პირიქით, ხელისუფლებაში მოკალათებული უმრავლესობის უმეტესობა ზუსტად ასეთივე გულგრილი სისასტიკით ექცევა ასეთ ადამიანებს. საშინელებაა, როცა ისევ გვიწევს იმ თემაზე საუბარი, რომ კანონი ვერ იცავს განსხვავებულ ადამიანებს. განსაკუთრებით ტრანსგენდერები, ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან უმრავლსობის მხრიდან გამოხატულ სიძულვილს. ეს ძალიან დიდი საფრთხე და პრობლემაა. ეს მეტყველებს ჩვენი საზოგადოების არაჰუმანურობაზე და სამწუხაროდ, ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ ეს განწყობები შეცვალოს და კანონი დაიცვას“, - ამბობს გოგოუაძე ტაბულასთან.

მისივე თქმით, საქართველოში არსებული კანონდებლობაც საკმარისია სიძულვილით მოტივირებული ძალადობის პრევენციისა და აღკვეთისთვის, თუმცა არ არსებობს ხელისუფლების ნება.

„ის კანონებიც კი, რომლებიც ჩვენ გვაქვს მიღებული, სრულიად საკმარისია, რომ ასეთი სიძულვილით ჩადენილი დანაშაული არ მოხდეს, მაგრამ ამ კანონების ამუშავებაც კი ვერ ხერხდება სახელმწიფოში. საჭიროა მხოლოდ ნება, რომ ხელისუფლებამ დაიცვას თავისი თითოეული მოქალაქე და დიახ, ამ სახელმწიფოს მოქალაქეები არიან განსხვავებული ადამიანებიც. კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი და ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ნება, რომ განსაკუთრებით გამოძიოს ასეთი სიძულვილით ჩადენილი დანაშაულები და განსაკუთრებით დასაჯოს ასეთი დამნაშავეები, რადგან არ წაახალისოს სიძულვილი. საზოგადოებამ უნდა დაინახოს რომ ხელისუფლება დგას კანონის სადარაჯოზე, თუმცა, სამწუხაროდ დღეს ამას ვერ ვხედავთ“, - ამბობს ნინო გოგუაძე.

თავდასხმის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალი, ზიზი შეყილაძე, გუშინ, 22 ნოემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის 14 ოქტომბრის შემდეგ კომაში იყო.

კომენტარები