დონალდ ტრამპი

ტრამპმა მნიშვნელოვან თანამდებობაზე პირველი ქალი კანდიდატი წარადგინა

ნიკი ჰეილი და მარკო რუბიო

დონალდ ტრამპმა გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე სამხრეთ კაროლინას გუბერნატორი ნიკი ჰეილი შეარჩია. ის ტრამპის გარდამავალი გუნდის შერჩეული პირველი ქალია მნიშვნელოვან თანამდებობაზე.

44 წლის რესპუბლიკელი გუბერნატორი, რომელმაც პრაიმერებისას მხარდაჭერა არჩეული პრეზიდენტის კონკურენტს, მარკო რუბიოს გამოუცხადა, ტრამპს კამპანიის დროს მწვავედ აკრიტიკებდა - განსაკუთრებით იმიგრაციის საკითხებზე. საპასუხოდ ტრამპმა წარსულში მას თავისი შტატის შემარცხვენელიც უწოდა. ჰეილიმ რესპუბლიკური პრაიმერებისას მარკო რუბიოს შემდეგ მხარი ტრამპის კიდევ ერთ კონკურენტს, ტედ კრუზს დაუჭირა, თუმცა საბოლოოდ მაინც გამოუცხადა მხარდაჭერა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს - მიუხედავად მის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისა.

ჰეილი თავად ინდოელი ემიგრანტების შვილია და აქტიურად უჭერს მხარს ტოლერანტობასა და გახსნილობას. შესაძლოა, მისი შერჩევა სწორედ ტრამპის წინასაარჩევნო ქსენოფობიური და სექსისტური რიტორიკის დაბალანსებას ისახავდეს მიზნად.

ჰეილის კანდიდატურის დასახელებისას ითქვა, რომ მას აქვს უნარი გააერთიანოს ადამიანები პოლიტიკური მიზნების მისაღწევად - მიუხედავად მათი წარსულისა, თუ პარტიული აფილაციისა.

გუბერნატორი რესპუბლიკური პარტიის ამომავალი ვარსკვლავია. მას საგარეო პოლიტიკური გამოცდილება ჯერჯერობით მწირი აქვს. ჰეილი სამხრეთ კაროლინას პირველი ქალი და ასევე უმცირესობის წარმომადგენელი პირველი გუბერნატორია.

კომენტარები