მთავრობის როლი ლარის გაუფასურებაში, დონორებისგან მისაღები $213 მილიონი ვერ ჩაირიცხა

Reuters

სახელმწიფო ხაზინამ 2016 წლის ბიუჯეტის 10 თვის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მისაღები ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების/კრედიტების მხოლოდ 1.5%-ია მიღებული. ეს ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით გეგმის შესრულება ჩავარდა.

0%-ზეა ბიუჯეტის დამხმარე კრედიტების შესრულება, საიდანაც წელს საქართველოს $164 მილიონი უნდა მიეღო. ბიუჯეტის დამხმარე გრანტების სახით ქვეყანას $52 მილიონი უნდა მიეღო, ამ თანხის მხოლოდ 6.2%-ია ჩარიცხული. საერთო ჯამში, ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების/კრედიტების მხოლოდ 1.5%-ია მიღებული.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა შეძლებდა ამ დაფინანსების მიღებას, სავარაუდოდ, ლარის კურსი უფრო მყარი იქნებოდა, რადგანაც მსგავსი მოცულობის სავალუტო შემოდინება ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის დეფიციტს შეამცირებდა.

სავარაუდოდ. ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტებისა და კრედიტების შესრულებაში არსებული გარღვევაა შიდა ვალის ზრდის მიზეზი. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, წლის პირველ ათ თვეში შიდა ვალით (სახაზინო ვალდებულებებითა და სახაზინო ობლიგაციებით) მობილიზებულმა თანხამ 300 მილიონი ლარი შეადგინა, ეს კი წლიურ გეგმასთან შედარებით 100 მილიონით მეტია. 

რაც შეეხება დონორებისგან მისაღებ საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას, წლის პირველ ათ თვეში ათვისებულია ამ პროექტების დაფინანსებისთვის გამოყოფილი გრანტების 60%, ხოლო კრედიტების 86%.

კომენტარები