გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

მღებრიშვილი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაზე: ინტერპოლს მივაწოდებთ ინფორმაციას

ენმ

შს მინისტრობის კანდიდატის თქმით, გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ საზღვრის კვეთა არ ფიქსირდება და მასზე ინფორმაცია მალე ინტერპოლს მიეწოდება. ამის შესახებ მღებრიშვილს კომიტეტების გაერთიანებულ სხოდმაზე ენმ-ის წევრმა გიგა ბოკერიამ დაუსვა.

"წლებია, საქართველოში პოლიტიკური ტერაქტის მცდელობა აღარ ყოფილა. 5 ოქტომბერს იყო მცდელობა დეპუტატ გივი თარგამაძეზე, სადაც იქ გამვლელი ადამიანი კინაღამ დაიღუპა. თქვენ გამოგვიცხადეთ, რომ გახსნილია საქმე, თუმცა არ გითქვამთ რა მოტივია, თითი გამოიშვირეთ თქვენი ოპონენტებისკენ, მერე დაასახელეთ გვარი, მერე ვიღაც დაიჭირეთ იარაღის უკანონო ტარებისთვის. ის ადამიანი, რომელიც მიმალულია, არ არის ინტერპოლის ძებნილთა სიაში. რატომ? ღიად გვეუბნებით, რომ არ გაინტერესებთ, ღიად გვეუბნებით, რომ თქვენი ხალხია ეს, თუ რაშია საქმე, გაგვარკვიეთ, თუ შეიძლება", - მიმართა ბოკერიამ მღებრიშვილს.

"რაც შეეხება თარგამაძის მანქანის აფეთქებას, დადგენილია პირები, მიცემული არიან პასუხისგებაში. ერთი მათგანი არის დაკავებული. ერთზე გამოცხადებულია ძებნა, რომელსაც არ უფიქსირდება საზღვრის კვეთა, შესაბამისად, მიმდინარეობს პროცედურები და უახლოეს პერიოდში მასზე ინტერპოლსაც მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია", - უპასუხა მღებრიშვილმა.

თარგამაძის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის საქმეს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკაინი, რომელმაც ენმ-ის წევრებს აფეთქების შედეგად დაშავებულის მონახულებისკენ მოუწოდა.

"ის, ვისაც თარგამაძის აფეთქების საქმე აინტერესებს და ბატონი მღებრიშვილისადმი სვამს მწვავე კითხვებს, უფრო საინტერესო იდეასაც მოგაწოდებთ, რომ იქ შემთხვევით გამვლელი ადამიანი არის, პრაქტიკულად, დაფლეთილი და შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს მისი გადარჩენისთვის. ეს არის ბატონი კუხალაშვილი და იქნებ ისიც მოინახულოთ, არ იქნებოდა ეს მთლად ცუდი ჟესტი. მრავალწახნაგოვანი საქმეა, ამის თქმა მინდა", - თქვა წულუკიანმა.

4 ოქტომბერს გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. თარგამაძე გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თარგამაძის საქმეზე ერთი პირი დააკავა, ხოლო მეორეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. უწყებისვე ცნობით, იარაღის უკანანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ., განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით კი, ბრალი 1974 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს წარედგინა.

კომენტარები