ქუმსიშვილი: 285 მილიონის კრედიტები, რასაც წელს ვერ მივიღებთ, მომავალ წელს ჩაგვერიცხება

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

"თანხა, რასაც წელს ვერ მივიღებთ, ნამდვილად გადავა შემდეგ წელს და შემდეგ წელს ჩვენ მივიღებთ 285 მილიონ ლარს", - ამბობს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი დიმიტრი ქუმსიშვილი ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტებისა და კრედიტების აუთვისებლობასთან დაკავშირებით რომან გოცირიძის მიერ დასმულ კითხვაზე.

სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მისაღები ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების/კრედიტების მხოლოდ 1.5%-ია მიღებული. ამ თანხების ჩარიცხვის შემთხვევაში სავარაუდოდ ლარი ასე გაუფასურებული არ იქნებოდა. 

0%-ზეა ბიუჯეტის დამხმარე კრედიტების შესრულება, საიდანაც წელს საქართველოს $164 მილიონი უნდა მიეღო. ბიუჯეტის დამხმარე გრანტების სახით ქვეყანას $52 მილიონი უნდა მიეღო, ამ თანხის მხოლოდ 6.2%-ია ჩარიცხული. საერთო ჯამში, ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების/კრედიტების მხოლოდ 1.5%-ია მიღებული.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველო წლის ბოლომდე დაახლოებით 340 მილიონის საერთაშორისო დაფინანსების მიღებას ელოდება.

"ჩვენ კიდევ უნდა მივიღოთ 340 მილიონი ლარი გრანტების სახით, საიდანაც აზიის განვითარების ბანკიდან უნდა მივიღოთ 240 მილიონი ლარი და მე დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისთვის გამოვა ეს ხელშეკრულება, იმიტომ რომ დანარჩენი პროცედურები ყველაფერი დასრულებულია და ასევე უკვე ევროკავშირის გრანტი იქნება მისაღები, რომელიც იქნება 100 მილიონი. დანარჩენი თანხა ნამდვილად გადავა შემდეგ წელს და შემდეგ წელს ჩვენ მივიღებთ 285 მილიონს", - ამბობს ქუმსიშვილი.

კომენტარები