პენსიები

მთავრობამ შესაძლოა, პენსიების ზრდა ინფლაციის მაჩვენებელს მიაბას

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

"პენსიებს რაც შეეხება, ჩვენ საპენსიო რეფორმას ვიწყებთ, ამიტომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ინდექსირებული იყოს დღეს არსებული სოციალური გასაცემლები, ამის შესახებ მომავალში უკვე ჩვენ წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვებს",- ასე პასუხობს დიმიტრი ქუმსიშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილს კითხვაზე იგეგმება თუ არა მომავალი წლისთვის პენსიების გაზრდა.

პენსიების ინდექსაცია ნიშნავს, რომ პენსიების ზრდა მოხდება ინფლაციის პარალელურად. სავალუტო ფონდი 2017 წლისთვის საქართველოსთვის 3%-იან ინფლაციას პროგნოზირებს, თუ პენსიების ინდესაცია ინფლაციასთან გადაწყდება, ამ შემთხვევში 180 ლარიანი პენსია 3%-ით, ანუ 5.4 ლარით გაიზრდება. 2018 წლისთვის ეროვნული ბანკი სავარაუდოდ 4%-იანი ინფლაციის მიღწევას გეგმავს, ეს კი ნიშნავს, რომ ინდექსაციის პირობებში პენსია 5.5 ლარით გაიზრდება და 188.5 ლარი გახდება.

ეკონომიკის სამინისტროს მომზადებული კვლევის მიხედვით, პენსიების ინდექსაციის რამდენიმე გზა არსებობს, რომელთა მიხედვითაც ინდექსაცია შეიძლება ინფლაციასთან, ეკონომიკურ ზრდასთან ან საშუალო ხელფასების ზრდასთან მიმართებით მოხდეს.

"საჭიროა სოციალური პენსიის ინდექსაცია ინფლაციასთან, რაც სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით გააძლიერებს პენსიის ეფექტურობასა და მნიშვნელობას, და ამავდროულად, გაამყარებს სისტემის ფისკალურ მდგრადობას. არსებული სოციალური პენსიის ფარგლებში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც იცავს პენსიონერს ინფლაციური მოვლენებისგან. მსგავსი მექანიზმის არ არსებობის შემთხვევაში პენსიის მსყიდველუნარიანობა დროთა განმავლობაში დაეცემა, რაც საპენსიო ასაკში მყოფი მოსახლეობის სიღარიბესთან ბრძოლის ამოცანის შესრულებას გაართულებს

საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, არსებობს სხვადასხვა ინდექსაციის მექანიზმები , რომლებიც განსაზღვრავენ პენსიის ყოველწლიურ ზრდას. ქვეყნების უმეტესობა ცდილობს, პენსია გაზარდოს ინფლაციის შესაბამისად მაინც. ინდექსაციის სხვა ვარიანტები მოიცავს ნომინალურ მშპ-სთან ან საშუალო ხელფასთან ზრდას ან შერეული ტიპის ინდექსაციას (რაც ნიშნავს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის წლებში ინდექსაციის კოეფიციენტი უფრო მაღალია)",- წერია ეკონომიკის სამინისტროს დოკუმენტში.

კომენტარები