გაზსაცავი

ენერგეტიკის სამინისტრო გაზსაცავის მშენებლობის დასრულებას 2020 წლისთვის გეგმავს

Reuters

ენერგეტიკის სამინისტრო მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის დასრულებას 2020 წლისთვის გეგმავს. ტაბულასთან საუბარში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ორი ტენდერი სატესტო ჭაბურღილის მშენებლობაზე, რის შემდეგაც მიწისქვეშა საცავის პროექტირება დაიწყება. 

"გაზსაცავის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, ახლა უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი ორი სატესტო ჭაბურღილის მომზადებაზე, რამაც უნდა მოგვცეს საბოლოო მონაცემები საპროექტო ეტაპზე გადასასვლელად და ვფიქრობთ, რომ კიდევ ალბათ წელიწად-ნახევარი დასჭირდება ამ ყველაფრის მომზადებას, სანამ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებზე გადავალთ, რათა 2020 წლისთვის ეს ყველაფერი განხორციელებული იყოს", - ამბობს ვალიშვილი.

პროექტის მიხედვით, მიწისქვეშა გაზსაცავი სამგორში ერთ-ერთი ნავთობსაბადოს ტერიტორიაზე იქნება მოწყობილი. ბუნებრივ აირს მიწის ქვეშ ნავთობის საბადოს ბუნებრივ სიღრუეში შეინახავენ. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ამ ტერიტორიაზე საცავის მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღო.

გაზსაცავის მოცულობა დაახლოებით 210-280 მილიონი კუბური მეტრი იქნება, მასში საქართველოს წლიური მოხმარების 15%-ს შეინახავენ.

პროექტის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით $230-250 მილიონი იქნება და მას გაზისა და ნავთობის კორპორაცია ევრობონდების რეფინანსირებით მოზიდული თანხით დააფინანსებს.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კომპანიაა, 2016 წლის პირველ ნახევარში კომპანიის წმინდა მოგებამ 93.8 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის მოგების ძირითადი წყარო გარდაბნის თბოსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გაყიდვიდან მიიღება. 

2016 წლის პირველ ნახევარში კორპორაციამ ბაზარზე 190 მილიონი ლარის ღირებულების ბუნებრივი აირი გაყიდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 187 მილიონი ლარი იყო. ჯამში კომპანიის მთლიანმა შემოსავლებმა 326 მილიონი შეადგინა.

კომენტარები