თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აუდიტორია #115-მა თსუ-ის სამ კორპუსში საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები ჩაშალა

რუსთავი 2

აუდიტორია #115 ამბობს, რომ ამ დროისთვის საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები ვაკეში შეჩერებულია. მათი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი კორპუსის (I, II, III) საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შესასვლელის პიკეტირებით ჩაშალეს.

ინფორმაციას სტუდენტური თვითმმართველობაც ადასტურებს და ამბობს, რომ ისინი არ აპირებენ რაიმე სახის კონტრნაბიჯის გადადგმას და მშვიდად ელოდებიან, როდის განახლდება ხმის მიცემა საარჩევნო უბნებზე. თსუ-ის პრესსამსახურმა ტაბულასთან საუბრისას თქვა, რომ ამ დროისთვის არ აქვს ოპერატიული ინფორმაცია უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მათი თქმით, განცხადება მოგვიანებით გამოქვეყნდება.

25 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები იყო დაგეგმილი. სტუდენტურმა მოძრაობამ აუდიტორია #115-მა გუშინ საღამოს თსუ-ის მე-6 კორპუსის პიკეტირება მოახდინა. სტუდენტები ამბობენ, რომ ისინი მრავალთვიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, სახელმწიფომ მოატყუა და ამიტომ ბრძოლის რადიკალურ გზას მიმართეს. აუდიტორია #115-ის მოთხოვნებია:

  • დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" 45 მუხლის გასაუქმებლად, რაც გულისხმობს თვითმმართველობის არსებული მოდელის გაუქმებას. შემუშავდეს საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების არჩევის პირდაპირი წესი.
  • კონსტიტუციაში განისაზღვროს, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების ქვედა ზღვარი, მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით.
  • გამოიყოს თანხა, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაციისთვის.
  • გაუქმდეს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები, პირდაპირი წესით, გაიმართოს მას შემდეგ, რაც მოხდება კანონის ცვლილება.
  • უნივერსიტეტის რექტორმა სასწრაფო წესით დანერგოს უნივერსიტეტში გარე რეფერირების მექანიზმი.

კომენტარები