ეკონომიკური ზრდა

კვირიკაშვილი "ძალიან კარგ" მე-4 წელიწადზე: ივანიშვილი ვერ გათვლიდა

ნეტგაზეთი

ენმ-ის დეპუტატის გიგა ბოკერიას კითხვაზე, "ბიძინა ივანიშვილის განცხადება ბრწყინვალე მეოთხე წელზე, იყო არაკომპეტენტურობა თუ ეთანხმებით ივანიშვილს?", პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილი რუსეთის მიერ ყირიმის დაპყრობას ვერ გათვლიდა.

"რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ვერ გათვლიდა. მე არ ვიცი ადამიანი, რომელიც გათვლიდა იმას, რომ რუსეთი დაიპყრობდა ყირიმს და შემდეგ უკვე დონეცკის მიმართულებით მიიტანდა შეტევას. ეს მართლაც უკვე გაცდენილია რეგიონულ კონფლიქტს, რომელმაც უზარმაზარი, ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვია მთელი რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში, არ მგონია, რომ სასაყვედურო იყოს ვინმე ამ მიმართულებით, რატომ ვერ გათვალა ეს კონფლიქტი", - თქვა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, 2012 წლის 24 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიცია ქართული ოცნების მაშინდელმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკურ ზრდაზე შემდეგი განცხადება გააკეთა.

"რაც შეხება ეკონომიკის ზრდას და მისი ტემპების ზრდას, პირველ წელიწადს ეს იქნება ძალიან რთული, ამას სჭირდება ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. მე ვფიქრობ, რომ მეორე წელიწადი იქნება უკვე საგრძნობელი, საგრძნობლად უკეთესი. მესამე იქნება ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას უკვე საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახებზე იგრძნობენ და მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი", - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები