თურქმენეთი

გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთში გაეროს კონფერენციას ესწრება

გიორგი მარგველაშვილი გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან შეხვედრაზე
facebook.com/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშხაბადში გაეროს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, თურქმენ კოლეგასთან გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან პირისპირ შეხვედრა გამართა. 

შეხვედრისას ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა საქართველო-თურქმენეთის გააქტიურებული პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერის საკითხი დაადასტურეს და თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.

გიორგი მარგველაშვილმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვს თურქმენეთის დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილე მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაეროს ეგიდით აშხაბადში ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაზე მონაწილეობის შესაძლებლობისათვის. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ბერდიმუჰამედოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მოწვევის მიღებისა და ვიზიტისათვის. 

გიორგი მარგველაშვილმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვს საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპაში თურქმენული გაზის შემდგომი ტრანსპორტირებისათვის, ხელშეწყობის მზადყოფნა დაუდასტურა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტმა, ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპს დაუდო საფუძველი. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო მზადაა კვლავაც აქტიური მონაწილეობა მიიღოს კასპიის ენერგომატარებლების ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირების პროექტებისა და ინიციატივების განვითარებაში, და ცენტრალურ აზიაში ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის მნიშვნელოვანი მონაწილე გახდეს. 

საქართველოს პრეზიდენტმა კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა განაგრძოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკა. გიორგი მარგველაშვილმა თურქმენ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისათვის. 

შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება ერთობლივი ბიზნესფორუმების ჩატარებას და წარმოების შექმნას, ასევე თურქმენი მეწარმეებისა და ინვესტორების ვიზიტებს, საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით ახალი შესაძლებლობების შესწავლისათვის.

კომენტარები