პენსიები

რატომ გაიზრდება 2018 წელს პენსია 5 ლარით და 40 თეთრით

benjielayug.com

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 2017 წელს პენსიების ზრდა არ იგეგმება, 2018 წლიდან კი საპენსიო რეფორმის ამოქმედების შედეგად შეიცვლება პენსიების ზრდის წესი და ის ინფლაციასთან იქნება მიბმული (ინდექსირებული). 2018 წელს ეროვნული ბანკის პროგნოზით 3%-იანი ინფლაციაა მოსალოდნელი, ეს კი ნიშნავს, რომ პენსია 3%-ით, ანუ 5.4 ლარით გაიზრდება, შესაბამისად პენსია 185.4 ლარი გახდება.

რა მიზანს ემსახურება პენსიების ზრდის ინფლაციასთან მიბმა

ეკონომიკის სამინისტროს მომზადებული კვლევის მიხედვით, პენსიების ინდექსაციის რამდენიმე გზა არსებობს, რომელთა მიხედვითაც ინდექსაცია შეიძლება ინფლაციასთან, ეკონომიკურ ზრდასთან ან საშუალო ხელფასების ზრდასთან მიმართებით მოხდეს.

"საჭიროა სოციალური პენსიის ინდექსაცია ინფლაციასთან, რაც სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით გააძლიერებს პენსიის ეფექტურობასა და მნიშვნელობას, და ამავდროულად, გაამყარებს სისტემის ფისკალურ მდგრადობას. არსებული სოციალური პენსიის ფარგლებში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც იცავს პენსიონერს ინფლაციური მოვლენებისგან. მსგავსი მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში პენსიის მსყიდველუნარიანობა დროთა განმავლობაში დაეცემა, რაც საპენსიო ასაკში მყოფი მოსახლეობის სიღარიბესთან ბრძოლის ამოცანის შესრულებას გაართულებს

საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, არსებობს სხვადასხვა ინდექსაციის მექანიზმები, რომლებიც განსაზღვრავენ პენსიის ყოველწლიურ ზრდას. ქვეყნების უმეტესობა ცდილობს, პენსია გაზარდოს ინფლაციის შესაბამისად მაინც. ინდექსაციის სხვა ვარიანტები მოიცავს ნომინალურ მშპ-სთან ან საშუალო ხელფასთან ზრდას ან შერეული ტიპის ინდექსაციას (რაც ნიშნავს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის წლებში ინდექსაციის კოეფიციენტი უფრო მაღალია)", - წერია ეკონომიკის სამინისტროს დოკუმენტში.

რამდენად სწორია საქართველოს შემთხვევაში პენსიების ინფლაციასთან მიბმა

ინფლაციასთან პენსიების ინდექსაცია სავარაუდოდ უფრო სწორი იქნებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც პენსიების დონე უფრო ადეკვატური იქნებოდა, რადგანაც ინდექსაციაზე გადასვლა ნიშნავს, რომ 180-ლარიანი პენსია არის საკმარისი პენსიონერისთვის და ამ პენსიას მხოლოდ ინდექსაცია ანუ ინფლაციის მაჩვენებლისგან დაცვა ესაჭიროება.

კომენტარები