აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ტრამპი: საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა მილიონობით არალეგალმა მოახერხა

Reuters

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, 8 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მან ჰილარი კლინტონი მიღებული ხმების რაოდენობითაც დაამარცხა.

ტრამპის თქმით, კლინტონი მას მიღებული ხმების რაოდენობით მხოლოდ იმიტომ უსწრებს, რომ ხმის მიცემა მილიონობით არალეგალმა მოახერხა და იმ შემთხვევაში, თუ მათ ხმებს სათვალავში არ მივიღებთ, ტრამპი კლინტონს მიღებული ხმების რაოდენობითაც აჯობებს.

აღსანიშნავია, რომ არჩეულ პრეზიდენტს საკუთარი განცხადების დამადასტურებელი საბუთი არ წარუდგენია.

ტრამპმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ჰილარი კლინტონმა ვისკონსინის შტატში მწვანეთა პარტიის ლიდერის, ჯილ შტაინის მიერ მოთხოვნილ ხმების თავიდან დათვლას მხარი დაუჭირა.

ოფიციალური მონაცემებით, ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპს 2 მილიონზე მეტი ხმით აჯობა, თუმცა ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის 270 ხმის მოპოვება შეძლო და პრეზიდენტიც სწორედ ის გახდა.

ვისკონსინის შტატში ტრამპმა კლინტონს ხმების მცირე რაოდენობით აჯობა და ჯილ შტაინის თქმით, მისი სურვილია, დარწმუნდეს, რომ ტრამპის გამარჯვების უკან ჰაკერები არ იდგნენ. შტაინი ხმების თავიდან დათვლის მოთხოვნას მიჩიგანისა და პენსილვანიის შტატშიც აპირებს, სადაც ტრამპმა კლინტონს ასევე მცირედით აჯობა. 

კომენტარები