პირადი კადრები

პოლიტიკოსის ფარული კადრების გავრცელებისთვის კვლავ არავინ დაუკავებიათ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებიდან 8 თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ფაქტზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. ტაბულას კითხვას, რატომ ჭიანურდება გამოძიება, საქართველოს მთავარი პროკურორი პასუხობს, რომ კადრები სხვა ქვეყნებიდან აიტვირთა და მათგან სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის დაკმაყოფილებას ელოდებიან.

„საჯარო სივრცეში, ინტერნეტში კადრების გავრცელების გამოძიება გრძელდება. მესმის, რომ გასულია დიდი დრო, მაგრამ მსგავსი საქმეების სპეციფიკა განსხვავებულია. 20-ზე მეტი სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობა გვაქვს გაგზავნილი არაერთ ქვეყანაში და თუ იმ ქვეყნებიდან ვერ მივიღებთ შესაბამის ინფორმაციას, არ გვაქვს უფლებამოსილება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩავატაროთ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს ვიდეოკადრები ატვირთულია ინტერნეტსივრცეში სხვა ქვეყნებიდან. არ არის ატვირთული საქართველოდან. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ამ სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობების პასუხებს, რომელთა მიღების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას“, - ამბობს ირაკლი შოთაძე.

მთავარი პროკურორი არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნიდან აიტვირთა კადრები:

„მეზობელი ქვეყნებიდან არის, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ დასახელებისგან“, - აცხადებს შოთაძე.

საქართველოს პროკურატურამ 11 და 14 მარტს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების დამზადებისთვის ხუთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, ერთი პირის დაკავება ვერ მოხერხდა, ხოლო კიდევ ერთს - დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება. კადრების გავრცელების ფაქტზე კი, კვლავ არავინ არ არის დაკავებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები