საპარტნიორო ფონდი

საპარტნიორო ფონდის ნაწილი შესაძლოა, საფონდო ბირჟაზე გავიდეს

დავით საგანელიძე ჩინეთში ვიზიტის დროს
facebook.com/PartnershipFund

მთავრობამ შესაძლოა, საპარტნიორო ფონდის ნაწილი საფონდო ბირჟაზე გაიყვანოს. პრემიერის თქმით, საპარტნიორო ფონდის შემადგენლობაში არსებული რკინიგზისა და გაზისა და ნავთობის კორპორაცია აქციათა პირველად შეთავაზებას, IPO-ს რამდენიმე წელიწადში, განახორციელებს. ბირჟაზე კომპანიების აქციათა 25% გავა.

"ვაკვირდებით ბირჟებზე სიტუაციას და როგორც კი იქნება საშუალება, პრინციპში, რამდენიმე საინვესტიციო ბანკთან გვქონდა მოლაპარაკება რკინიგზის და ნავთობის და გაზის კორპორაციის 25%-ის ბირჟაზე ლისტინგის, ანუ განთავსებასთან დაკავშირებით. თუ იქნება შესაბამისი საბაზრო კონიუნქტურა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ და ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო პერიოდს დაველოდოთ. უნდა ითქვას, რომ შარშან ნამდვილად არ იყო ამ მხრივ საუკეთესო დრო და ეს არის ძალიან საფრთხილო საკითხი და სწორად გასაკეთებელი საკითხი. რა თქმა უნდა, პრივატიზაციის კუთხით რაც იქნება პოტენციალი, ამას ავითვისებთ", - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

რა არის რკინიგზისა და გაზის კორპორაციის ღირებულება

რკინიგზა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა. რკინიგზის აქტივების ღირებულება დაახლოებით 3.1 მილიარდ ლარს შეადგენს, მისი 25% კი 792 მილიონია, შესაბამისად, საფონდო ბირჟაზე კომპანიის ამ ღირებულების აქციები გავა სავაჭროდ. აქტივების დიდი ზომის მიუხედავად, რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლები გაუარესებულია, რისი მიზეზიც ტვირთბრუნვის შემცირებაა.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი კომპანიაა, მისი აქტივების ღირებულება კი 1.4 მილიარდი ლარია. 2016 წლის პირველ ნახევარში კომპანიის წმინდა მოგებამ 93.8 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის მოგების ძირითადი წყარო გარდაბნის თბოსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გაყიდვიდან მიიღება. 

2016 წლის პირველ ნახევარში კორპორაციამ ბაზარზე 190 მილიონი ლარის ღირებულების ბუნებრივი აირი გაყიდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 187 მილიონი ლარი იყო. პერიოდის მანძილზე კომპანიის მთლიანმა შემოსავლებმა 326 მილიონი შეადგინა.

თუ კომპანია IPO-ს გააკეთებს, დაახლოებით 350 მილიონი ლარის ღირებულების აქციების შეთავაზება მოხდება.

ორივე კომპანიის შემთხვევაში მაჟორიტარი აქციონერი, 75%-ის მფლობელი, სახელმწიფო დარჩება.

კომენტარები