საზოგადოებრივი მაუწყებელი

სამეურვეო საბჭომ GPB-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი გამოაცხადა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი გამოაცხადა. გენერალური დირექტორობის მსურველებმა განცხადება მაუწყებლის კანცელარიაში, 29 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. ღია კონკურსი ორ ტურად ჩატარდება.

"გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. გენერალური დირექტორობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლისა და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლისა", - აცხადებს მაუწყებლის სამეურვეო საბჭო.

განცხადებები მიიღება ყოველდღე, სამუშაო დღეებში 09:30 საათიდან 18:30 საათამდე, ხოლო უქმე და დასვენების დღეებში - 10:00 საათიდან 12:00 საათამდე.

ცნობისთვის, გიორგი ბარათაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორის პოსტი 21 ნოემბერს დატოვა. მისი თქმით, "მიზეზი - არის სიახლე, რომლის შესახებაც ცოტა ხანში ვიტყვი. დღეიდან უკვე გადამდგარი ვარ. ამ გადმოსახედიდან, ვთვლი, რომ ჩემი საქმე გავაკეთე და საზოგადოებრივ მაუწყებელსაც სჭირდება ახალი სისხლი, რომ ყველაფერი უკეთესად გაგრძელდეს".

კომენტარები