რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: მივმართავ პროკურატურას, გამოიძიოს ხალვაშის ყალბი დოკუმენტაცია

rustavi2.com

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პროკურატურას მიმართა და მოუწოდა ქიბარ ხალვაშის მიერ წარდგენილი დოკუმენტის განხილვისკენ, რომლის თანახმადაც რევაზ ბერიაშვილი იყო რ2-ის ფინანსური დირექტორი. გვარამია ბერიაშვილის და სამხარაულის ბიუროს ექსპერტის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

"მივმართავთ საქართველოს მთავრ პროკურატურას განცხადებით, შეისწავლოს ქიბარ ხალვაშის ყალბი დოკუმენტაცია დანაშაულის გამოვლენის მიზნით. მოვითხოვთ, პასუხისგებაში მიცემას იმ ადამიანის, ვინც ეს დოკუმენტები შეადგინა, ეს არის ვითომ, რუსთავი 2-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი, რომელიც არ ყოფილა არასდროს დირექტორი, რევაზ ბერიაშვილი. ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი, რომელმაც ყალბი დასკვნა ერთ დღეში გააკეთა. ეს მოთხოვნები პროკურატურაში და უზენაეს სასამართლოში დღესვე შევა", - ამბობს გვარამია და აღნიშნავს, რომ პროკურატურის ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.

"ჩვენ არ გვაქვს პროკურატურის ადეკვატური საქმიანობის იმედი, თუმცა ეს განცხადება პროკურატურაში თაროზე შემოიდება. ყველა თოფი კედელზე დაკიდებული აუცილებლად ისვრის ბოლოს. ამ საქმესაც მოჰყვება ადეკვატური გამოძიება აუცილებლად, დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ, მაგრამ აუცილებლად მოჰყვება", - ამბობს გვარამია.

22 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ რუსთავი 2-ის საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცა.

კომენტარები