რუსთავი 2-ის საქმე

სპიკერი: თუ რომელიმე მოსამართლეზე ხორციელდება ზეწოლა, პრეზიდენტი გვერდით დაუდგება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის თქმით, "თუ რომელიმე კონკრეტულ მოსამართლეზე ხორციელდება რაიმე სახის ზეწოლა, პრეზიდენტი მზად არის, გვერდით დაუდგეს ამ მოსამართლეებს". მიშველაძე რუსთავი ორის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებებს გამოეხმაურა. ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დიდი პალატის მოსამართლეებზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს.

"პრეზიდენტი ყველა იმ თემას, რომელიც ეხება მედიას, ძალიან ყურადღებით ადევნებს ყოველთვის თვალყურს. მოსამართლეებს აქვთ უმაღლესი დაცულობა საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით. ამასთანავე, მათ აქვთ პრეზიდენტის ძალიან დიდი მხარდაჭერა. თუ რომელიმე კონკრეტულ მოსამართლეზე ხორციელდება რაიმე სახის ზეწოლა, პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, მზად არის, კიდევ ერთხელ მხარი დაუჭიროს, გვერდით დაუდგეს ამ მოსამართლეებს და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მოსამართლეებმა პირნათლად შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები", - თქვა მიშველაძემ.

სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მტკიცებით, დეპუტატ ივანე ზარდიაშვილს უშუალოდ აქვს დავალებული, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგი მიიღოს. გვარამიას თქმით, სამი დღის განმავლობაში, უზენაეს სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლა იქნება.

"ჩვენთვის ცნობილია ის გარემოება, რომ სასამართლოსთან რამდენიმე ადამიანი აწარმოებს "მოლაპარაკებას" და სინამდვილეში სასამართლოზე ზეწოლას. მათ შორის არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, კანცელარიის წარმომადგენელი პარლამენტში შალვა თადუმაძე, ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე და სასამართლოში ზონდერად ჩასმული ჩინჩალაძე. სამი დღის განმავლობაში, დღეს, ხვალ და ზეგ სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლა იქნება, ამის განმახორციელებლად არის ახალი ადამიანი არჩეული, ბიძინა ივანიშვილის ახალი დავალების შემსრულებელი ზონდერი ივანე ზარდიაშვილი, რომელიც ეკა ბესელიას მოადგილეა", - ამბობს გვარამია.

უზენაესი სასამართლოს ზეწოლის შესახებ, თავდაპირველად, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, ენმ-ის დეპუტატმა ნიკა მელიამ ისაუბრა. მისი თქმით, სანდო წყაროს ინფორმაციით, "უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს აიძულებენ, 30 ნოემბერს, რუსთავი ორის გადაწყვეტილება ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ გამოიტანონ". მელიას ინფორმაცია პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უარყო და აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია თავისი "გუნდის წევრების სისუფთავეში".

22 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ რუსთავი 2-ის საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცა.

კომენტარები