აქციზის გადასახადი

კოლოფ სიგარეტზე აქციზი 60 თეთრით, ლიტრ ბენზინზე კი 19 თეთრით გაძვირდება

საქართველოს მთავრობა 2017 წელს ყველა გადასახადის გაზრდას გეგმავს, რისი გაზრდის უფლებასაც მას საქართველოს კანონმდებლობა აძლევს. გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ გაიზრდება აქციზის გადასახადი თამბაქოზე, იმპორტირებულ ავტომობილებსა და ნავთობპროდუქტებზე. ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, კოლოფ სიგარეტზე აქციზური მარკა, რომელიც ამ დროისთვის 1.1 ლარი ღირს 60 თეთრით გაძვირდება, შესაბამისად მომავალ წელს სიგარეტის ღირებულება მინიმუმ 60 თეთრით მოიმატებს.

ქუმსიშვილის თქმითვე ტონა ბენზინზე აქციზური მარკა 250 ლარით გაიზრდება და 500 ლარი გახდება. შესაბამისად, ტონა (1000 კილოგრამი) ბენზინი დაახლოებით 1330 ლიტრია, ეს კი ლიტრზე 19 თეთრიან გაძვირებას ნიშნავს. პრემიერის თქმით, აქციზური მარკის გაძვირებით მოგების გადასახდის რეფორმით გამოწვეული საბიუჯეტო შემოსავლების დაბალანსება იგეგმება. იმის გამო რომ თამბაქო და ბენზინი მნიშვნელოვანი სამომხმარებლო პროდუქტებია, მათი გაძვირება სავარაუდოდ ინფლაციას გაზრდის.

ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, მთავრობას რეფერენდუმის გარეშე არ შეუძლია გაზარდოს გადასახადები ან დააწესოს აქციზის გადასახადი. კანონმდებლობის მიხედვით, ერთადერთი გამონაკლისი აქციზის გადასახადია, რის გამოც მთავრობას სწორედ აქციზის გადასახადის ზრდა შეუძლია. 

კომენტარები