ჭიაბერაშვილი: მთავრობამ წარმოადგინა გეგმა, როგორ ამოაცალოს ფული მოქალაქეებს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მთავრობის გუშინ წარდგენილი ინიციატივები შეაფასა. მისი თქმით, მთავრობამ ცხოვრების კიდევ უფრო გაძვირების გეგმა წარმოადგინა.

"გუშინ ივანიშვილის მთავრობამ გამოგვიცხადა, როგორ აპირებს, კიდევ უფრო გაუძვიროს ცხოვრება მოქალაქეებს, როგორ ამოაცალოს ფული ჯიბიდან ადამიანებს, როგორ გააღარიბოს ხალხი კიდევ უფრო მეტად. იმის ნაცვლად, რომ დაწიონ გადასახადები, ზრდიან გადასახადს და პრობლემას უქმნიან ათიათასობით ადამიანს", - ამბობს ჭიაბერაშვილი.

დეპუტატის თქმით, ნავთობპროდუქტზე აქციზის გადასახადის ზრდა იმ ძირითადი პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს, რასაც მოქალაქეები ყიდულობენ.

"აქციზის ზრდა ნავთობპროდუქტებზე ნიშნავს ბენზინსა და დიზელზე ფასების ზრდას, რასაც ჯაჭვურად მოყვება ფასების ზრდა ყველა ძირითად პროდუქტზე, რასაც მოქალაქეები ძირითადად ყიდულობენ. ლარის გაუფასურების გამო ფასების ზრდა ისედაც მაღალია სურსათსა და მედიკამენტებზე, სამწუხაროდ, მთავრობის ნაბიჯი ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც კვირიკაშვილი ამაყად აცხადებს, რომ პენსია არ გაიზრდება", - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი და აღნიშნავს, რომ „არცერთი ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ივანიშვილის მთავრობა აპირებს, არ ემსახურება ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის შეჩერებას და ექნება საპირისპირო ეფექტი".

ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობის მიდგომა მცდარია, ქვეყანა შეჰყავს კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, რაც გამოიწვევს მოქალაქეების კიდევ უფრო მეტ გაღარიბებას.

გუშინ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა რამდენიმე ინიციატივა წარმოადგინა: მოხდება ერთჯერადი სოციალური აქციის სახით, ფიზიკურ პირებზე 2015 წლამდე უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაცემული სესხების ლარში კონვერტაცია; აიკრძალება ონლაინსესხების გაცემა; გაიზრდება აქციზის გადასახადი თამბაქოზე, იმპორტირებულ ავტომობილებსა და ნავთობპროდუქტებზე.

კომენტარები