ონლაინსესხები

ონლაინსივრციდან იატაკქვეშეთში - რას დაკარგავს მოსახლეობა ამ სესხების აკრძალვით

ონლაინ საკრედიტო კომპანია
lura.ge

საქართველოში უახლოეს მომავალში ონლაინსესხი, როგორც საკრედიტო პროდუქტი, აღარ იარსებებს, ამის შესახებ გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. პრემიერის თქმით, ამ ტიპის სესხების აკრძალვა მომხმარებელთა უფლებათა დაცვის კანონის მეშვეობით მოხდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მექანიზმით მოხდება აკრძალვა, თუმცა სავარაუდოდ ის ყველა ტიპის ონლაინსესხს შეეხება.

რას დაკარგავს მოსახლეობა ბაზრიდან ამ პროდუქტის გაქრობით

ონლაინსესხები ეგრეთ წოდებული ხელფასის დღის სესხებია (Payday loan), ამ ტიპის სესხები, როგორც წესი, ხანმოკლე და მცირე ზომისაა. ონლაინსესხები რისკიანია, რადგანაც მაღალია ალბათობა, რომ მოქალაქეებმა აღებული კრედიტები არ დააბრუნონ, თუმცა ეს რისკები სესხის განაკვეთში გათვალისწინებულია, ამიტომაც ონლაინსესხების საპროცენტო განაკვეთები მაღალია. რადგან მოსახლეობა თანახმაა ამ საპროცენტო განაკვეთებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის ამ ტიპის სესხების აღება დამატებით კეთილდღეობას ქმნის. 

ონლაინსესხები შეიძლება ბაზრიდან გაქრეს, თუმცა სესხებზე მოთხოვნა არ გაქრება, შესაბამისად, მოქალაქეებს მოუწევთ მათ ასაღებად ალტერნატივების გამოძებნა. აკრძალვის დაწესების შემთხვევაში იმ ადამიანთა ნაწილი, ვისაც სესხები ესაჭიროებოდა, მათ უბრალოდ ვეღარ აიღებენ. არსებობს შესაძლებლობა, რომ ონლაინსესხების აკრძალვამ არარეგისტრირებული სესხების რაოდენობა გაზარდოს, შესაძლოა, ონლაინსაკრედიტოების ფუნქციები კერძო ინდივიდებმაც შეითავსონ, რომლებმაც ფულს "გაპროცენტება" დაიწყონ, ეს კი სესხების ონლაინსივრციდან იატაკქვეშეთში გადაყვანას გამოიწვევს.

ონლაინსესხებს ხშირ შემთხვევაში დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა მოკლევადიანი ლიკვიდობის პრობლემის შესავსებად იყენებს, იმ პირობებში, როდესაც მათ აღარ ექნებათ საშუალება ამ ტიპის სესხები აიღონ, სავარაუდოდ, ამით მათი პრობლემები არ გაუმჯობესდება.

ონლაინსესხების კომპანიები მრავალ ადამიანს ასაქმებენ, ახალი რეგულაცია კი მათ სამუშაო ადგილებს გაქრობის რისკის ქვეშ აყენებს. ამ ბიზნესის გაუქმება ქვეყნის სარეკლამო ბაზარზეც ნეგატიურად აისახება, რადგანაც ონლაინსესხები მედიისთვის სარეკლამო შემოსავლების გენერირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.

ახალი რეგულაციის დაწესების შემთხვევაში, მსგავსი ტიპის სასესხო პორტფელი შესაძლოა, ბანკებში გაიზარდოს. 

კომენტარები