ვიზალიბერალიზაცია

LIBE-ს კომიტეტი დროებითი შეჩერების მექანიზმზე 8 დეკემბერს იმსჯელებს

Getty Images

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტი (LIBE) დროებითი შეჩერების მექანიზმზე 8 დეკემბერს იმსჯელებს.

LIBE-ს კომიტეტის მომავალი სხდომის დღის წესრიგი ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ შესაძლოა, ინტერინსტიტუციონალური მოლაპარაკებების პროცესში, მექანიზმის კენჭისყრაც გაიმართოს. მხარდაჭერის შემთხვევაში, მას პლენარულ სხდომაზეც უყრიან კენჭს. აღნიშნულ საკითხზე, მომხსენებელი აგუსტინ დიას დე მერა გარსია კონსუერგა იქნება.

შეჩერების გამარტივებული მექანიზმის ამოქმედება, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საჭიროების შემთხვევაში მიგრაციულ ნაკადებს შეაჩერებს. მექანიზმი წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლებს, რომ ევროკომისიას მოთხოვონ დროებით შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა იმ ქვეყნისთვის, რომლიდანაც გაიზრდება არალეგალი მიგრანტების შესვლის რაოდენობა. თუ ევროკომისია ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ მესამე ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი 6 თვის ვადით შეჩერდება.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებმა ამ დრომდე, არაერთხელ აღნიშნეს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის ასამოქმედებლად დროებითი შეჩერების მექანიზმის გამარტივება აუცილებელია.

აღსნაშნავია, რომ დღეს, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ის აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესი მალე დასრულდეს.

კომენტარები