შეზღუდვები გზებზე

ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მესამე დღეა ინტენსიური თოვაა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უამინდობამ შესაძლოა ზვავსაშიშროება გამოიწვიოს, ამიტომ გზის ამ მონაკვეთზე, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ასევე, აკრძალულია გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოება.

დეპარტამენტის ცნობით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთთან, ამ დროისთვის გზის გახსნას დაახლოებით 60 ავტომანქანა ელოდება.

"ხვალიდან, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, როგორც კი შესაძლებელი გახდება გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდება დაგროვილი ავტოტრანსპორტის გატარება", - ამბობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

კომენტარები