ქუცნაშვილი: ბანკები 2016 წელს დოლარში გაცემულ სესხებსაც გადაიყვანენ ლარში

facebook.com/KvirikashviliOfficial

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, ბანკები არამხოლოდ 2015, არამედ 2016 წელს გაცემული იპოთეკური სესხების ლარში კონვერტაციასაც მოახდენენ. ამის შესახებ დეპუტატმა ქართულ ოცნებაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც პარტიის წევრები და პრემიერმინისტრი ესწრებოდნენ.

"გავიარეთ ყველა ის აქტუალური საკითხი, რომელიც დღეს საზოგადოებას აინტერესებს. მათ შორის ის რეფორმების გეგმა, რომელიც აუცილებლად მოიტანს ხელშესახებ შედეგებს. ასევე, მაქვს კარგი ინფორმაცია, რომ ბანკებთან კონსულტაციების საფუძველზე, ისინი მოახდენენ გაცემული სესხების ლარში გადაყვანას მათ შორის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სესხი აღებული აქვთ დოლარსში 2016 წელს ან 2015 წლის ბოლოს. ასე რომ, ბანკები კარგ თანამშრომლობაში არიან შესული ხელისუფლებასთან" - უთხრა რუსთავი 2-ს ქუცნაშვილმა.

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ერთჯერადი აქციის სახით, ფიზიკურ პირებზე 2015 წლამდე უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაცემული სესხების ლარში კონვერტაცია მოხდება. კვირიკაშვილის თქმით, ლარში კონვერტაცია არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტის ოდენობით მოხდება.

ბანკებს უფრო მეტი რესურსი დოლარში აქვთ, ამის მიზეზი დეპოზიტებში დოლარის მაღალი წილია, შესაბამისად, მათ უფრო იაფად შეუძლიათ დოლარის სესხის გაცემა, ვიდრე ლარის სესხის. იმ პირობებში, თუ ხელოვნურად გაიზრდება მოთხოვნა ლარის სესხზე, არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ სესხების საპროცენტო განაკვეთებიც გაიზარდოს

კომენტარები