საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

მანუელ ვალსი პრემიერის პოსტს ტოვებს და საპრეზიდენტო კამპანიას იწყებს

Christian Hartmann / REUTERS

საფრანგეთის პრემიერმინისტრი მანუელ ვალსი საპრეზიდენტო კამპანიას იწყებს. ვალსმა ქალაქ ევრიში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პრემიერმინისტრის პოსტს ტოვებს. ის სოციალისტური პარტიის პრაიმერიში მიიღებს მონაწილეობას. პრაიმერის პირველი ტური 2017 წლის 22 იანვარს გაიმართება.

მანუელ ვალსის თქმით, მისი პრიორიტეტი უმუშევრობის შემცირება იქნება. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მან დაბალი და საშუალო ფენისთვის გადასახადების დაწევა დააანონსა. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიიღებას არ გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება სოციალისტური პარტიის კანდიდატი 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა ვარაუდობენ, რომ პრაიმერებში სწორედ პრემიერმინისტრი მანუელ ვალსი გაიმარჯვებს.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები კი 2017 წლის 27 აპრილს გაიმართება, სადაც, გამოკითხვების თანახმად, მთავარი კანდიდატები რესპუბლიკელი ფრანსუა ფიიონი, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი და სოციალისტური პარტიის კანდიდატი იქნებიან.

კომენტარები