ფოტოგრაფების საქმე

პროკურატურა: ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნილია

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნილია. უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ დაკავებულია შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ. გამოძიება მათ ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტებას ედავება.

გარდა ამისა, პროკურატურამ მიიღო ფოტორეპორტიორების გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება. ბრალდების მხარე თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ მოითხოვს.

პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე „ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება“ ჩატარდა.

„გამოვლენილ იქნენ ამ დანაშაულში ჩართული საჯარო მოხელეები და თავის მხრივ დადასტურდა ფოტორეპორტიორების უდანაშაულობა მათთვის წარდგენილ ბრალდებაში”, - აცხადებენ პროკურატურაში.

გარდა ამისა, უწყებაში აღნიშნავენ, რომ საიდუმლო გრიფის მიმნიჭებელ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად მოხდა ფოტორეპორტიორების საქმის ყველა ძირითადი მასალის და დოკუმენტის განსაიდუმლოება. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სწორედ ამის შემდეგ მათ მიეცათ საშუალება, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი, ასევე გააცნონ ახალი გამოძიებით დადგენილი მნიშვნელოვანი ფაქტები.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე აქტიურად აშუქებდნენ 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლას და ძალის გადამეტებას, ფოტოებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, „რაც ნეგატიურად აისახებოდა იმჟამინდელი ხელისუფლების რეიტინგზე“.

„სწორედ ამ ფაქტით გამოწვეული ხელისუფლების უკმაყოფილების შედეგად, ანგარიშსწორების მიზნით, 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით, ღამის საათებში, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაკავებული იქნენ ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ნათელა გედენიძე”, - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, ფოტორეპორტიორების დაკავებამდე, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ზურაბ ქურციკიძის სატელეფონო საუბრებს ფარულად უსმენდა.

„ზურაბ ქურციკიძე 2004 წლიდან დღემდე მუშაობს ევროპის პრესსააგენტოს "ეპა"-ს ფოტორეპორტიორად, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ფრანკფურტში, ხოლო ამიერკავკასიის მასშტაბით ქ.მოსკოვში. თავისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ზურაბ ქურციკიძეს ხშირი სატელეფონო საუბრები ჰქონდა ხსენებული სააგენტოს თანამშრომლებთან, რომელთაც ხელშეკრულების საფუძველზე, ჰონორარის სანაცვლოდ უგზავნიდა როგორც მის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებს, ასევე ამ სააგენტოს სტრინგერების - უშტატო თანამშრომლების: ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის მიერ გადაღებულ ფოტოებსაც.

სწორედ, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის მიერ განხორციელებული - ფოტორეპორტიორობა დაედო საფუძვლად სამართადამცავების მხრიდან მათი ჯაშუშობის ბრალდების ლეგენდის შექმნას.

კერძოდ, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდების თანახმად, 2004 წელს ზურაბ ქურციკიძე ქ.მოსკოვში სამსახურებრივი მივლინების დროს გასამრჯელოს დაპირების საფუძველზე კონფიდენციალური თანამშრომლობისთვის გადაბირებული იქნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების მიერ. მათი ორგანიზებით ზურაბ ქურციკიძე თითქოს სისტემატურად უგზავნიდა ევროპის პრესსააგენტოს თანამშრომლებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ფოტოებს და მასალებს, რომლებსაც ქურციკიძე მოიპოვებდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოპერატორის ირაკლი გედენიძის და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ფოტოგრაფის გიორგი აბდალაძისგან, რომლებმაც თითქოსდა იცოდნენ ქურციკიძის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. გამოგონილი ბრალდების თანახმად, ფოტოგრაფების მიერ შექმნილ ჯაშუშურ ქსელს დახმარებას ასევე უწევდათ ირაკლი გედენიძის მეუღლე, ფოტოგრაფი ნათელა გედენიძე”, - აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე საზოგადოების აქტიურობის და აქციების შედეგად, სამართალდამცავებმა დაიწყეს ფოტორეპორტიორების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა და შანტაჟი, რათა მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები, „რომელსაც გაასაჯაროებდნენ, საზოგადოებას შეიყვანდნენ შეცდომაში და ამ გზით შეეცდებოდნენ საპროტესტო ტალღის ჩაცხრომას”.

„დაკავებულების დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისთანავე, მათთან არაოფიციალურად შედიოდა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომლებიც მოსალოდნელი ციხის მძიმე პირობების და მათი ოჯახის წევრებისთვის პრობლემების შექმნის მუქარით დაჟინებით ითხოვდა ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობასთან დაკავშირებით აღიარებით ჩვენებაზე ხელის მოწერას. ამას დაემატა ისიც, რომ დაკავებულ ნათელა გედენიძეს დავით დევნოზაშვილმა წარუდგინა სახლის ჩხრეკის დროს კომპიუტერიდან უკანონოდ მოპოვებული ფოტო და აღიარებითი ჩვენების არმიცემის შემთხვევაში დაემუქრა მისი საჯარო სივრცეში გავრცელებით, რის შედეგადაც ნათელა გედენიძე გახდა ცუდად და დასჭირდა ექიმის დახმარება. აღნიშნული ფოტო ასევე აჩვენეს დაკავებულ ირაკლი გედენიძეს და დაემუქრნენ მისი გავრცელებით.

განხორციელებულ ზეწოლას ვერ გაუძლეს ცოლ-ქმარმა ნათელა და ირაკლი გედენიძეებმა და ისინი იძულებული გახდნენ ხელი მოეწერათ სამართალდამცავების მიერ წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენებისთვის, რის შემდეგაც ნათელა გედენიძე გაათავისუფლეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, ხოლო ირაკლი გედენიძეს სამომავლოდ შეპირდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და გიორგი აბდალაძესთან და ზურაბ ქურციკიძესთან ერთად გადაიყვანეს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში”, - ამბობენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების დირექტორის ორგანიზებით, დაკავებულების მიმართ გაგრძელდა სისტემატური ფსიქოლოგიური ზეწოლა.

„მათ საკნებში არ ქრებოდა შუქი და საკნები აყვანილი იყო მუდმივ ვიდეოკონტროლზე. ალექსანდრე მუხაძის დავალებით პატიმრები აჰყავდათ ციხის ადმინისტრაციაში, სადაც დავით დევნოზაშვილი სხვა თანამშრომლებთან ერთად აგრძელებდა მუქარას აღიარებითი ჩვენების მისაღებად. საბოლოოდ, განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, 8 დღის შემდეგ, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძეც დაითანხმეს აღიარებითი ჩვენების მიცემაზე, მათ საგანგებოდ შეასწავლეს სამართალდამცავების მიერ წინასწარ დაწერილი ჩვენება, რასაც მთელი ღამის განმავლობაში ამეორებინებდნენ დაკავებულებს, რათა ადვოკატების თანდასწრებით არაფერი შეშლოდათ. მეორე დღეს კი მათი დამცველი ადვოკატების მონაწილეობით ვიდეოკამერაზე ჩაწერეს აღიარებითი ჩვენებები, რასაც ადვოკატების მწვავე პროტესტი მოჰყვა. საქმის წარმატებით დასრულებას სწორედ ადვოკატების მიერ გამოთქმული პროტესტი უშლიდა ხელს. აქედან გამომდინარე, გიორგი აბდალაძეს და ზურაბ ქურციკიძეს დააწერინეს განცხადებები და უარი ათქმევინეს მათ დამცველ ადვოკატებზე, რის შემდეგაც პროკურატურის მაღალჩინოსნების მოთხოვნით და რეკომენდაციით საქმეში სხვა ადვოკატები ჩაერთვნენ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ზურაბ ქურციკიძესთან, გიორგი აბდალაძესთან, ირაკლი და ნათელა გედენიძეებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, კი ფოტორეპორტიორებს მკაცრად აუკრძალეს ამ თემაზე ყოველგვარი საუბარი საჯარო სივრცეში”, - აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ინფრომაციით,კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ხოლო N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე ვადით.

„აღნიშნულ საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ამ დანაშაულში ჩართული სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების გამოსავლენად“, - აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები