შაპეკოენსე

შაპეკოენსეს კოპა სუდამერიკანას გამარჯვებულის ტიტული მიენიჭა

Getty Images

გუშინ, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია CONMEBOL-მა, ბრაზილიური კლუბი შაპეკოენსე კოპა სუდამერიკანას გამარჯვებულად გამოაცხადა.

კოპა სუდამერიკანას ორმატჩიანი ფინალის პირველი მატჩი 30 ნოემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა კოლუმბიაში მიმავალი თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ ბრაზილიელებს უბრალოდ საკმარისი რაოდენობის ფეხბურთელებიც არ დარჩათ. ტრაგედიას 71 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის შაპოკოენსეს 18 ფეხბურთელი.

ფინალურ შეხვედრებში შაპეკოენსე კოლუმბიურ ატლეტიკო ნასიონალს უნდა შეხვედროდა. ავიაკატასტროფის შემდეგ, ატლეტიკო ნასიონალმა სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციას თავად შესთავაზა, რომ შაპეკოენსესთვის ტურნირის გამარჯვებულის სტატუსი მიენიჭებინათ.

შაპეკოენსეს კოპა სუდამერიკანას გამარჯვებულის ტიტულის გარდა, ფულადი ჯილდო 2 მილიონი დოლარი და მომავალ სეზონში კოპა ლიბერტადორისზე მონაწილეობის უფლებაც გადაეცა.

ატლეტიკო ნასიონალს კი კონფედერაციამ Fair Play-ის სპეციალური ჯილდო და 1 მილიონი დოლარი გადასცა.

გარდა ამისა, გასულ კვირაში ბრაზილიურმა კლუბებმა ქვეყნის ფედერაციას სპეციალური თხოვნით მიმართეს - მათ სურთ, რომ მომდევნო 3 სეზონის განმავლობაში შაპეკოენსემ ბრაზილიის უმაღლეს ლიგაში ავტომატურად შეინარჩუნოს ადგილი. ამასთან, ბრაზილიური კლუბების დიდი ნაწილი შაპეკოენსეს საკუთარ ფეხბურთელების უფასოდ, იჯარით მიცემასაც სთავაზობს. ბრაზილიურ კლუბში უხელფასოდ თამაშის სურვილი საჯაროდ გამოთქვა ისლანდიელმა ცნობილმა ვეტერანმა ეიდურ გუდიონსენმაც, რომელიც წარსულში ბარსელონასა და ჩელსის შემადგენლობაშიც თამაშობდა. ევროპულ პრესაში ვრცელდება ჭორები, რომ შაპეკოენსეში თამაშის სურვილს ლეგენდარული ბრაზილიელი რონალდინიო და არგენტინელი ხუან რამონ რიკელმეც გამოთქვამენ.

კომენტარები