ტურიზმი

ათი ქვეყანა, რომლიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოდის

snow.ge

2016 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 5.8 მილიონზე მეტი უცხოეთის მოქალაქე იმყოფებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 7.9%-ით მეტია. ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით, მოწინავე ადგილებს რეგიონის ქვეყნები იკავებენ. წელს განსაკუთრებით მაღალი ტემპით 487%-ით გაიზარდა ირანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რაც საქართველოს მიერ სავიზო რეგულაციების გაუქმებას უკავშირდება. ასევე მაღალი ტემპით - 57% იზრდება ისრაელიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა. ეროვნული ბანკის გათვლებით, წლის პირველი ნახევარში, ტურისტებმა საქართველოში $867 მილიონი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით მეტია.

ათი ქვეყანა, რომლიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

  1. აზერბაიჯანი - 1.4 მილიონი ვიზიტორი
  2. სომხეთი - 1.33 მილიონი ვიზიტორი
  3. თურქეთი - 1.17 მილიონი ვიზიტორი
  4. რუსეთი - 980 ათასი ვიზიტორი
  5. უკრაინა - 157 ათასი ვიზიტორი
  6. ირანი - 142 ათასი ვიზიტორი
  7. ისრაელი - 89 ათასი ვიზიტორი
  8. ყაზახეთი - 46 ათასი ვიზიტორი
  9. პოლონეთი - 43 ათასი ვიზიტორი
  10. გერმანია - 38 ათასი ვიზიტორი

ნოემბრის სტატისტიკა

ნოემბერში საქართველოს საზღვარი 458 ათასმა უცხოეთის მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც წინა წელთან შედარებით 5.1%-ით მეტია. თუმცა ამ 458 ათასიდან ქვეყანაში 24 საათზე მეტ ხანს 164 ათასი ადამიანი დარჩა, რაც წინა წელთან შედარებით 14.1%-ით მეტია. კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალნონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

ტრანზიტი

საზღვრის კვეთის სსტატისტიკის მიხედვით, წელს საქართველო სატრანზიტო მიზნებით ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების 21%-მა გამოიყენა, ეს 1.2 მილიონი ადამიანია, რაც წინა წელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია.

ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში

2016 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ტურისტული სექტორზე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 6.9% მოდიოდა, მისი მეშვეობით კი ქვეყანაში დამატებით $867 მილიონი შემოვიდა. 2016 წლის ცხრა თვის მონაცემებით, მხოლოდ უნაღდო (უცხოური საკრედიტო ბარათებით) განხორციელებულმა გადახდებმა 1.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით მეტია. 

წინა წელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის ტემპი გაზრდილია, თუმცა ის მაინც ჩამორჩება 2007-2013 წლების მაჩვენებლებს

2007-დან 2013 წლის ჩათვლით საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა საშუალოდ 30%-ს შეადგენდა, აქედან ყველაზე მაღალი - 56%-იანი ზრდა 2012 წელს იყო. 2013 წელს ზრდამ 21% შეადგინა, 2014 წელს კი სავიზო რეგულაციების დაწესების გამო ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან მხოლოდ 2.3% შეადგინა. ზრდის ტემპი მცირედით გაუმჯობესდა 2015 წელს და ის 7% გახდა, 2016 წლის პირველი თერთმეტი თვის მონაცემებით კი ზრდა 7.9%-ია.

კომენტარები