ლოგუა მუქარაზე: არ მახსოვს, მერე წავიკითხე sms, მთვრალი ვიყავი

facebook.com

ნიკა ლოგუა, რომელმაც გუშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ლელა ქებურიას მუქარის შემცველი შეტყობინება მისწერა, ამბობს, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

"მუქარის ფაქტებით არაფერი არ წერია. "პროსტო" "პასუხის გაცემა" არ არის მუქარა. არ მახსოვს, მერე წავიკითხე sms, მთვრალი ვიყავი. აზრი გამოვხატე, მივწერე ადამიანს ჩვეულებრივად და ბოდიშსაც მოვუხდი ამ sms-ის გამო, პრობლემა არ მაქვს", - ამბობს ლოგუა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.

ლელა ქებურიამ გუშინ სოციალურ ქსელში ნიკა ლოგუას მიერ მუქარის შემცველი მიმოწერის ფოტო გაავრცელა. ნიკა ლოგუა მიმოწერაში თავს ქარდავას დეიდაშვილს უწოდებს:

"ქალბატონო ლელა, რაღაც-რაღაცეები გავიგე და მოვუყევი კიდევაც მეგისის და კარგს არ მოგიტანთ ეს გპირდებით მე პირადად ამას. მე მეგისის გაზრდილი ვარ, ჩემი დეიდაშვილია. მოკითხვა შემოგითვალათ ისე, რომ იცოდეთ და პასუხი გექნებათ გასაცემი კიდევ, მაგას იცოდეთ მე გპირდებით. ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს, მიშა თუ ბოკერია, მეგის ქარდავას და ახალაიებს გაუმარჯოს. თუ რამე პრეტენზია გაქვთ აგერ ვარ და გაგცემთ პასუხს, არ ველოდი თქვენგან ამას, თურმე ახალაიების და მეგისის დაბრუნება არ გინდათ, მაგრამ დაბრუნდებიან და დამერწმუნეთ, პასუხი გექნებათ გასაცემი... ჭკვიანად იყავით, ჭკვიანად რაა".

Facebook მიმოწერის ფოტოს გავრცელების შემდეგ, ნიკა ლოგუამ მეგის ქარდავასთან ნათესაური კავშირი უარყო და არც მიმოწერაში მონაწილეობა დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ ნიკა ლოგუა facebook-ზე 23 ნოემბერს მეგის ქარდავასა და მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე სტატუსს წერს.

კომენტარები